ირაკლი კობახიძე – საქართველო კავკასიის ბიომრავალფეროვნების განსაკუთრებული მნიშვნელობის რეგიონში მდებარეობს, საქართველოს მიდგომას სწორედ ამ ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა წარმოადგენს

12:16, 16.10.2026

მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ ბიოლოგიური მრავალფეროვნების საკითხებზე ერევანში გამართულ ლიდერთა სამიტში. მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და სომხეთის მთავრობას სამიტის ორგანიზებისთვის, რომელიც გვაერთიანებს თემაზე – „ლიდერები ბუნების დასაცავად“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო  კავკასიის ბიომრავალფეროვნების განსაკუთრებული მნიშვნელობის რეგიონში მდებარეობს და ეკოსისტემებისა და სახეობების გამორჩეული მრავალფეროვნებით ხასიათდება.

„ეს სამიტი მნიშვნელოვან შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა და განვამტკიცოთ ერთობლივი ძალისხმევა ბუნების დაცვის მიმართულებით. 2030 წლის მოახლოებასთან ერთად, მთავარი კითხვა უკვე ის კი აღარ არის, რაზე შევთანხმდით, არამედ ის, თუ რა შედეგებს ვაღწევთ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში.

ამ ამოცანის საგანგებო მნიშვნელობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოსთვის, რომელიც კავკასიის ბიომრავალფეროვნების განსაკუთრებული მნიშვნელობის რეგიონში მდებარეობს და ეკოსისტემებისა და სახეობების გამორჩეული მრავალფეროვნებით ხასიათდება. ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი ლანდშაფტი, რომელიც მაღალმთიან მასივებს, ვრცელ ტყეებსა და 26 000-ზე მეტ მდინარეს მოიცავს, ბუნებრივი ჰაბიტატების შენარჩუნებას ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად აქცევს. საქართველოს მიდგომის საფუძველს სწორედ ამ ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, ეკოლოგიური კავშირების შენარჩუნება და დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენა წარმოადგენს“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეისათვის საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი მილიონ ჰექტარს აღემატება, რაც ქვეყნის ტერიტორიის 15 პროცენტზე მეტს შეადგენს.

„ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო კონვენციების ფარგლებში დაცული ტერიტორიები კი, საერთო ჯამში, ქვეყნის სახმელეთო ტერიტორიის 23 პროცენტს მოიცავს. საქართველოს ბუნებრივმა მემკვიდრეობამ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა, მათ შორისაა იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები, ასევე იუნესკო-ს ბიოსფერული რეზერვატები. ეს მიღწევები მყარ საფუძველს ქმნის შემდგომი პროგრესისთვის. საქართველო მხარს უჭერს გლობალურ მიზანს, რომლის თანახმადაც, 2030 წლისთვის ხმელეთისა და საზღვაო ტერიტორიების, სულ მცირე, 30 პროცენტი დაცული უნდა იყოს. ამასთან, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ დაცული ტერიტორიების ეფექტიან მართვასა და გრძელვადიან დაცვას“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი