ირაკლი კობახიძე - საქართველო, ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, თანმიმდევრულად ახორციელებს საჯარო მმართველობის რეფორმას
ძლიერი ინსტიტუტები, ეფექტიანი მმართველობა და ხარისხიანი საჯარო სერვისები ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ამ მიზნის გათვალისწინებით, საქართველო 2015 წლიდან, ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, თანმიმდევრულად ახორციელებს საჯარო მმართველობის რეფორმას.
„მოხარული ვარ, მოგესალმოთ გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმის გახსნით ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოში პირველად იმართება. ჩვენთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობა. მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტს და ყველა იმ პარტნიორს, რომელთა ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა ფორუმის უმაღლეს დონეზე ორგანიზება.
მინდა, მოგილოცოთ საჯარო სერვისების საერთაშორისო დღე და მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელიც ყოველდღიურად პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ერთგულებით ემსახურება სახელმწიფოს.
დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ძლიერი ინსტიტუტები, ეფექტიანი მმართველობა და ხარისხიანი საჯარო სერვისები ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა.
სწორედ ამ მიზნის გათვალისწინებით, საქართველო 2015 წლიდან, ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, თანმიმდევრულად ახორციელებს საჯარო მმართველობის რეფორმას, რომლის მიზანია უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება.
რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შედეგია იუსტიციის სახლების მოდელი, რომელიც წლების განმავლობაში მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდების გამორჩეულ მაგალითად ჩამოყალიბდა. დღეს ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 127 იუსტიციის სახლი, სადაც მოქალაქეებს ერთ სივრცეში 500-ზე მეტ საჯარო და კერძო სერვისზე აქვთ წვდომა.
ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მუნიციპალური ელექტრონული სერვისების ერთიანი სისტემის დანერგვაც, რომელიც უკვე 63 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს. შედეგად, მოქალაქეებსა და ბიზნესს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის სერვისებზე წვდომა როგორც დისტანციურად, ისე „ერთი ფანჯრის“ პრინციპის საფუძველზე აქვთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.