ირაკლი კობახიძე - საქართველო არის მოწინავე კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით, ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველას ვურჩევ, შეეგუონ ხალხის არჩევანს
ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროკომისარ მარტა კოსის განცხადების საპასუხოდ ჟურნალისტებს შანხაიში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველა უნდა შეეგუოს ქართველი ხალხის არჩევანს.
„საქართველო არის მოწინავე, გამორჩეული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით. ეს ეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკის განვითარებას, კორუფციის სიმცირეს. ეს არის დღევანდელი რეალობა. რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას, პირდაპირ გამოვიდა ევროკომისიის პრესსპიკერი და მხარი დაუჭირა 4 ოქტომბრის აქციას. ეს არის ფაქტი. დანარჩენზე ქართული საზოგადოება ძალიან კარგად მსჯელობს.
დღესაც ვიღაცეები მიმართავენ ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველას ვურჩევ, კარგად შეისმინოს ქართველი ხალხის ნება და შეეგუონ ქართველი ხალხის არჩევანს, რომელიც გაკეთდა 2024 წლის ოქტომბერში, შემდეგ – 2025 წლის ოქტომბერში. ნუ დაიმცირებენ ასე საკუთარ თავს ტყუილებით და სპეკულაციებით, რასაც ჩვენ ვხედავთ მთელი ამ დროის განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერმა.