ირაკლი კობახიძე - საპრეზიდენტო არჩევნებში პირველი ადგილის ბედი გადაწყვეტილია, ეს იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი
ირაკლი კობახიძე - საპრეზიდენტო არჩევნებში პირველი ადგილის ბედი გადაწყვეტილია, ეს იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი

საპრეზიდენტო არჩევნებში პირველი ადგილის ბედი არის გადაწყვეტილი, თამამად და ცალსახად აღვნიშნავ, ეს იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნებისთვის“ რისკფაქტორი არ არის. როგორც კობახიძემ აღნიშნა, რისკფაქტორი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ მარგველაშვილს მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა ექნებოდა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამის შესაძლებლობა, არსებული სურათით, ძალიან დაბალია. კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის პროგნოზი ყოველთვის მართლდება.

„არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი გათვლები და პროგნოზები გვაქვს და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების თვალსაზრისით „ქართული ოცნებისთვის“ არანაირი რისკფაქტორი არ არის. არანაირი პრობლემა ჩვენ ამ კუთხით არ გვაქვს და არანაირი რისკფაქტორი გიორგი მარგველაშვილი არ არის. გიორგი მარგველაშვილი იმ შემთხვევაში იქნებოდა ჩვენთვის ფაქტორი ამ არჩევნებში, თუ მას ექნებოდა მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა. თუმცა არსებული სურათით მეორე ადგილზე გასვლის ალბათობა არის ძალიან დაბალი.

ჩვენ პირადად თქვენთან ეთერში არაერთხელ გვისაუბრია ჩემს პროგნოზებზე და ყოველთვის გამართლებულა. შეგვიძლია ძველი ეთერები ამოვიღოთ, რა პროგნოზი გვქონდა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ყოველთვის მართლდება ჩვენი პროგნოზი და მე ასევე შემიძლია შეგახსენოთ თქვენ ჩემი პროგნოზი უკვე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი შეფასებით, მეორე ადგილის გამოცნობა რთულია და საკმაოდ დიდი კონკურენცია იქნება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მუნიციპალური არჩევნების შემდგომ ვითარება არსებითად არ შეცვლილა და ჩამოყალიბებული ზოგადი სურათის მიხედვით, კონკურენცია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის წარიმართება.

„საკმაოდ რთულია მეორე ადგილის გამოცნობა, იქნება საკმაოდ რთული კონკურენცია. მე ვთქვი ის, რაც უკვე ვიცით, რომ მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა გიორგი მარგველაშვილს აქვს მიზერული. რაც შეეხება მეორე ადგილს, იქ იქნება საკმაოდ სერიოზული კონკურენცია და, ბუნებრივია, ხალხი გადაწყვეტს ყველაფერს. პირველი ადგილის ბედი არის გადაწყვეტილი, თამამად და ცალსახად აღვნიშნავ, ეს იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი.

რაც შეეხება მეორე ადგილს, აქ იქნება კონკურენცია ძირითადად ორ სუბიექტს შორის, არსებითად არ შეცვლილა ვითარება მას შემდეგ, რაც ჩატარდა ბოლო მუნიციპალური არჩევნები და კონკურენცია წარიმართება არსებითად „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის. ეს არის ზოგადი სურათი, რომელიც არის ჩამოყალიბებული და აქედან გამომდინარე, მეტ ცდომილებას მუნიციპალურ არჩევნებთან არ ველოდები”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.