ირაკლი კობახიძე საპოლიციო კონტროლზე - ამ პროცესს საქართველოს პარლამენტიც დააკვირდება
ირაკლი კობახიძე საპოლიციო კონტროლზე - ამ პროცესს საქართველოს პარლამენტიც დააკვირდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო კონტროლს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ამგვარი ღონისძიებები პერიოდულად საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელია და პროცესებს პარლამენტი აკვირდება.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პერიოდულად საჭიროა ასეთი ღონისძიებების განხორციელება. მთავრია, რომ ამ პროცესში სათანადოდ იყოს დაცული ადამიანების უფლებები და შესაბამისად, ამ პროცესს საქარველოს პარლამენტიც დააკვირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ დღეს დილით 06:00 საათზე დაასრულა საპოლიციო კონტროლი. ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სულ 52 ათასამდე პირი გადამოწმდა, დაკავებულია 127 მოქალაქე, ამოღებულია 1 კილოგრამზე მეტი ჰეროინი და სხვა ნარკოტიკული საშულაბებეი, ასევე 73 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, 54 ხელყუმბარა, 122 კაფსულა-დეტონატორი და 3740 ცალი ვაზნა.