ირაკლი კობახიძე - საპენსიო რეფორმა ფართო კონსულტაციების საფუძველზე განხორციელდა
ირაკლი კობახიძე - საპენსიო რეფორმა ფართო კონსულტაციების საფუძველზე განხორციელდა

საპენსიო რეფორმა ფართო კონსულტაციების საფუძველზე განხორციელდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მიღებულია ყველა საჭირო ზომა, რათა რეფორმა პრაქტიკაში წარმატებით დაინერგოს.

„საპენსიო პაკეტი მნიშვნელოვანი რეფორმაა, რაც პარლამენტმა მთავრობის ინიციატივის საფუძველზე განახორციელა. რეფორმასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში ბიზნესსექტორიც იყო ჩართული. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება მაქსიმალურად აწონილ-დაწონილი, შეჯერებული იყო. შესაბამისად, ვფიქრობ, აღნიშნული რეფორმა დიდი წარმატებით განხორციელდება. პრაქტიკული ზომებიც მიღებულია, რომ პრაქტიკაში სათანადო განხორციელება დაიწყოს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. მასში მონაწილეობა სავალდებულოა 40 წლამდე ასაკის დასაქმებული მოქალაქეებისთვის, ხოლო 40 წლის ზევით – ნებაყოფლობით. სისტემის მონაწილე დასაქმებულის საპენსიო შენატანების დაფინანსება შემდეგნაირად ხორციელდება: დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას მონაწილე დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით; დამსაქმებელი მონაწილე დასაქმებულის სახელით, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს საპენსიო შენატანს  დასაქმებულზე  გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით; მონაწილე თვითდასაქმებული ახორციელებს საპენსიო შენატანს თავისი წლიური შემოსავლის 4 პროცენტის ოდენობით; ასევე, სახელმწიფო მონაწილის სასარგებლოდ, მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხავს 2 პროცენტს.