ირაკლი კობახიძე - საპარლამენტო პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შევთავაზეთ მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცედურა ომბუდსმენის შესარჩევად, ამ პროცედურის კრიტიკა არის ცარიელი სპეკულაცია
ირაკლი კობახიძე - საპარლამენტო პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შევთავაზეთ მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცედურა ომბუდსმენის შესარჩევად, ამ პროცედურის კრიტიკა არის ცარიელი სპეკულაცია

ჩვენ, როგორც საპარლამენტო პარტიებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შევთავაზეთ მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე, ინკლუზიური პროცედურა სახალხო დამცველის შესარჩევად და შემდეგ ასარჩევად. რეალურად, საბაბიც კი არ დარჩა, რომ ვინმეს არ მოსწონებოდა ეს პროცედურა, თუმცა ზოგიერთი მაინც ახერხებს, განუდგეს ამ პროცესსაც კი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, სახალხო დამცველს საპარლამენტო პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეარჩევენ, შემდეგ, მხოლოდ ოპოზიციური პარტიები დაასახლებენ კანდიდატებს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთვება საქმეში უმრავლესობა.

„გვექნება თანამშრომლობა შესაბამის საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. სწორედ ისინი შეარჩევენ კანდიდატურებს, ქულებით შეფასდება ყველა კანდიდატი, რომელიც მიიღებს ღია შერჩევაში მონაწილეობას. ამის შემდეგ, მხოლოდ ოპოზიციური პარტიები დაასახლებენ კანდიდატებს. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთვება საქმეში უმრავლესობა. ვინც ამ პროცესს და პროცედურას ემიჯნება, ბოლომდე ავლენს, რომ მისი მიზანია, როგორმე საბოტაჟი განახორციელოს 12 პუნქტის შესრულების პროცესის მიმართ. ეს არის ერთადერთი ახსნა იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები ემიჯნებიან ამ აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე პოლიტიკურ პროცედურასაც კი. საზოგადოება ნახავს, რა ქულა მიიღეს კონკრეტულმა კანდიდატებმა, რომლებსაც არასამთავრობო სექტორი შეაფასებს. ამის შემდეგ კანდიდატებს დაასახლებენ პოლიტიკური პარტიები და იქაც გამოჩნდება, რომ გარკვეული კანდიდატები მისაღები არიან პოლიტიკური პარტიებისთვის. როდესაც მხოლოდ აქედან გავაკეთებთ არჩევანს, სპეკულაციებისთვის აღარ რჩება არანაირი სივრცე. გამომდინარე აქედან, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ამ პროცედურის კრიტიკასთან, არის ცარიელი სპეკულაცია“, – განაცხადა კობახიძემ.