ირაკლი კობახიძე - საპარლამენტო ფორმატში გიორგი გახარიასთან შეხვედრა კვირის ბოლომდე გაიმართება
ირაკლი კობახიძე - საპარლამენტო ფორმატში გიორგი გახარიასთან შეხვედრა კვირის ბოლომდე გაიმართება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან საპარლამენტო ფორმატში შეხვედრა მიმდინარე კვირის ბოლომდე გაიმართება.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საბოლოო პოზიცია დეტალების განხილვის შემდეგ ჩამოყალიბდება.

„ჩვენთვის მთავარია, რომ დეტალებში განვიხილოთ სპეცოპერაციის საკითხები და ამასთან დაკავშირებით არის შესაბამისი მზადყოფნა. შეიძლება ითქვას, რომ კვირის ბოლომდე შედგება საპარლამენტო ფორმატში შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის მონაწილეობით და იქ განვიხილავთ დეტალებს. ვიდრე დეტალებს საბოლოოდ არ გავივლით, მე მაქვს გარკვეული წინასწარი განწყობა. ჩვენ, ბუნებრივია, გვქონდა შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან და მან განმარტა ამ სპეცოპერაციის მიზეზები, კონკრეტულად ფორმის, ასე ვთქვათ, შერჩევის მიზეზები და ა.შ. თუმცა, ვიდრე დეტალებს არ განვიხილავთ, ბუნებრივია, საბოლოო პოზიციას ვერ ჩამოვიყალიბებთ. მე მაქვს წინასწარი პოზიცია, რომელიც უკვე დავაფიქსირე. საბოლოოდ, ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, ჩამოყალიბდება მას შემდეგ, რაც ყველა დეტალს განვიხილავთ“, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება სპეცოპერაციის ჩატარების ფორმას, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამ დღეებში გამოჩნდა, რომ ხელისუფლება ჰუმანური სახით მოქმედებს და ეს არის რადიკალური ცვლილება, რომელიც ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ განიცადა.

„ამ დღეების განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლება მოქმედებს ჰუმანური სახით და ეს არის რადიკალური ცვლილება, რომელიც განიცადა ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ. თქვენ გახსოვთ, რომ 2012 წლამდე შეკრების თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წესი, ხელისუფლება უპირისპირებდა ხოლმე სისასტიკესაც კი. ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა 2012 წლამდე და ეს არის რადიკალურად შეცვლილი. დღევანდელი პრაქტიკა არის რადიკალურად შეცვლილი. ეს დავინახეთ გასული დღეების განმავლობაში. სპეცოპერაციის დღესაც კი არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა სხეულის თუნდაც მსუბუქი დაზიანების. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა პოლიციელის მიერ ხელკეტის გამოყენების. ეს არის ჩარევის ყველაზე მსუბუქი ფორმა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სისტემა მაქსიმალურად არის ორიენტირებული ადამიანზე, არის ორიენტირებული ადამიანის უფლებებზე“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის მთავარი პრინციპია, რომ კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული და ეს მიდგომა ხელისუფლებამ სათანადოდ წარმოაჩინა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის უფლების დაცვა, მათ შორის გამოხატვის უფლების დაცვა. როგორც არ უნდა მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს ესა თუ ის მოსაზრება, ესა თუ ის ქმედება ამა თუ იმ ადამიანის, ჩვენთვის მთავარი პრინციპი არის, რომ კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული და ეს მიდგომა სათანადოდ წარმოაჩინა ხელისუფლებამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტრომ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ​