ირაკლი კობახიძე - სანქცირებული ბორტები საქართველოში ვერ იფრენენ, სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, რუსეთს ჩვენ სანქციებს არ დავუწესებთ
ირაკლი კობახიძე - სანქცირებული ბორტები საქართველოში ვერ იფრენენ, სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, რუსეთს ჩვენ სანქციებს არ დავუწესებთ

სანქცირებული ბორტები საქართველოში ვერ იფრენენ, სხვა შემხთვევაში, ბუნებრივია, რუსეთის ფედერაციას ჩვენ სანქციებს არ დავუწესებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველოს მხრიდან სანქციებისთვის გვერდის ავლა არ მოხდება.

„რაც შეეხება სანქცირებულ ბორტებს, რა თქმა უნდა, გამორიცხულია, ჩვენ გაცხადებული გვაქვს პოზიცია, სანქცირებული ბორტები საქართველოში ვერ იფრენენ, სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ რუსეთის ფედერაციას სანქციებს არ დავუწესებთ. არსებობს სანქცირებული და არასანქცირებული ბორტები, მათ შორის სხვა ქვეყნებში დაფრინავენ არასანქცირებული ბორტები. იგივე ისრაელიც რომ ავიღოთ, ისრაელი ანგარიშს უწევს იმ ზომებს, რომლებიც მიღებულია დასავლეთის მხრიდან. შესაბამისად, ისრაელშიც დაფრინავს არასანქცირებული ბორტები. ჩვენც ამ მიდგომით ვიმოქმედებთ. სანქციების გვერდის ავლა და ასეთი ქმედებები ჩვენი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ იქნება განხორციელებული. არაერთი სპეკულაცია, ტყუილი გავრცელდა ამაზეც, სხვა თემებთან დაკავშირებით, გვაბრალებდნენ, თითქოს საქართველო გამოიყენებოდა სანქციების გვერდის ავლისთვის, რაც დადასტურდა, რომ ტყუილი იყო, ეს დაადასტურა ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა. აქაც არ მოხდება სანქციების გვერდის ავლა, არ იფრენენ სანქცირებული ბორტები, ჩვენ პატივს ვცემთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არის მიღებული, მაგრამ რაც შეეხება არასანქცირებულ ბორტებს, ბუნებრივია, რუსეთის ფედერაციას სანქციებს არ დავუწესებთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.

საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.