ირაკლი კობახიძე - სანქციების დაკისრებასა და სხვის ფულზე ყველაზე დიდი დრო, ენერგია დახარჯა და დღემდე ხარჯავს 308 ევროპარლამენტარი
ირაკლი კობახიძე - სანქციების დაკისრებასა და სხვის ფულზე ყველაზე დიდი დრო, ენერგია დახარჯა და დღემდე ხარჯავს 308 ევროპარლამენტარი

მნიშვნელოვანია, ყველა, ვინც არის დაინტერსებული ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებით, გაემიჯნოს ორკესტრირებულ შტურმსა და შესაბამის განცხადებებს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ქართული საზოგადოებისთვის ამაზე ელჩის პოზიციის მოსმენა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტმა კობახიძეს საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების შეფასება სთხოვეს, სადაც ელჩი აცხადებს: „ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი სანქციების ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე, იმის ნაცვლად, რომ კონცენტრირებული იყოს ევროკავშირის წევრობის მკაფიო გზამკვლევზე“.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამაზე დრო და ენერგია დახარჯა 300-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა.

„ძალიან საინტერესო მესიჯია და გეტყვით შემდეგს, ამაზე დრო და ენერგია დახარჯა და დღემდე ხარჯავს შეგახსენებთ ვინ – ეს არის 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი, რომელიც სხვის ფულზე ხარჯავდა დროს და ენერგიას. რეზოლუცია მიუძღვნეს ამ თემას, ესენი არიან ასევე ენჯეოები, ესენი არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და აშ. საკმაოდ დიდია ამ პირთა ჩამონათვალი, იმ პირთა, რომლებიც სხვის ფულზე ხარჯავენ დროს და ენერგიას, ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩვენც გვიწევს ამ თემაზე პასუხების გაცემა, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. აქედან გამომდინარე, მე მგონია, ამ მესიჯის ადრესატი არის სინამდვილეში სწორედ ეს 308 ევროპარლამენტარი, ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს. როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება და ყველას ესმის ამ განცხადებების და ამ ორკესტრირებული შტურმის პოლიტიკური დატვირთვა, ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ყველა, ვინც არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებით, გაემიჯნოს შესაბამის ორკესტრირებულ შტურმს, შესაბამის განცხადებებს და ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ქართული საზოგადოებისთვის ამაზე ელჩის პოზიციის მოსმენა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.