ირაკლი კობახიძე - სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილისგან ხშირად გაუგებარ განცხადებებს ვისმენთ, მაინც მგონია, რომ მას აქვს თავისი პრინციპები და კრიტიკულ მომენტებში უკადრებელს არ იკადრებს
ირაკლი კობახიძე - სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილისგან ხშირად გაუგებარ განცხადებებს ვისმენთ, მაინც მგონია, რომ მას აქვს თავისი პრინციპები და კრიტიკულ მომენტებში უკადრებელს არ იკადრებს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ხშირად გაუგებარ განცხადებას აკეთებს. აღნიშნული კომენტარით კობახიძემ უპასუხა კითხვას, რომელიც შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხებოდა.

კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტმა განცხადებაში აღნიშნა, რომ სრულიად მიუღებლად მიაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული განცხადება.

როგორც კობახიძე ამბობს, სალომე ზურაბიშვილმა შალვა პაპუაშვილის განცხადება არასწორად განაზოგადა.

„სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი ხშირად აკეთებს ხოლმე ასეთ გაუგებარ განცხადებებს. შალვა პაპუაშვილს ჰქონდა საუბარი კონკრეტულ ფაქტებზე, სადაც გამოიკვეთა კონკრეტული ახალგაზრდების მოსყიდვა. მაგალითად, 1000-ლარიან, 5000-ლარიან მოსყიდვაზე იყო საუბარი. ამაზე გააკეთა განცხადებები შალვა პაპუაშვილმა, რაც არასწორად განაზოგადა საქართველოს პრეზიდენტმა. არ ვიცი, შეცდომაში იყო შეყვანილი, თუ რატომ მოხდა ეს. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, როცა მისგან ასეთ გაუგებარ განცხადებებს ვისმენთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენს ზოგად დამოკიდებულებას, მაინც მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს თავისი პრინციპები და აქედან გამომდინარე, კრიტიკულ მომენტებში ის უკადრებელს არ იკადრებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.