ირაკლი კობახიძე - სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენს პრაგმატულ მიდგომას თავისი პრაგმატული მიდგომით არ პასუხობს
ირაკლი კობახიძე - სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენს პრაგმატულ მიდგომას თავისი პრაგმატული მიდგომით არ პასუხობს

სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენს პრაგმატულ მიდგომას თავისი პრაგმატული მიდგომით არ პასუხობს და ბოლო განცხადებაც ამის გამოძახილი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში რუსეთის აღნიშნული მიდგომა შეიცვლება.

ირაკლი კობახიძის თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად გზების გამონახვაა საჭირო.

„ჩვენ გვჭირდება გზების გამონახვა იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარდეს. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება, რათა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით. ჩვენ გვაქვს პრაგმატული მიდგომა, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოში 2012 წლიდან. რუსეთთან პრაგმატული მიდგომის შედეგია ის, რომ საქართველოში თვისობრივად ამაღლდა უსაფრთხოების ხარისხი ბოლო წლების განმავლობაში. ცინიზმს, როგორც ასეთი, ამას მე ვერ დავუძახებდი, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინია, რომ რუსეთმა უნდა გამოავლინოს უფრო კონსტრუქციული მიდგომა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, რუსეთის გუშინდელი განცხადება არ იყო კონსტრუქციული მიდგომის გამოხატულება.

„პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება ითვალისწინებდა არა რაიმეს ცვლილებას, არამედ იმ ხაზის გაძლიერებას, რომელიც არის საქართველოში ჩამოყალიბებული 2012 წლიდან. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, დისკუსიისთვის, იმისთვის, რომ კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით და ზუსტად ეს იყო ასახული პრემიერის განცხადებაში“, – აცხადებს კობახიძე.

მისი შეფასებით, პრაგმატულ პოლიტიკას ალტერნატივა არა აქვს.

„ჩვენ ვიცით, სადამდე მიგვიყვანა თავის დროზე არაპრაგმატულმა პოლიტიკამ. ვგულისხმობ იმ მოვლენებს, რომელიც 2008 წელს ვიხილეთ და ზუსტად პრაგმატული მიდგომის შედეგია ის ცვლილება, რომელიც გვაქვს საქართველოში 2012 წლის შემდეგ უსაფრთხოების და სტაბილურობის კუთხით. პრემიერის განცხადების მიზანი იყო იმ ხაზის გაძლიერება, რომელიც არის საქართველოში ჩამოყალიბებული. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს მიუხედავად იმისა, რამდენად კონსტრუქციული ან დესტრუქციული იქნება განცხადებები მეორე მხრიდან. ჩვენ ჩვენი მცდელობა არ უნდა დავაკლოთ იმისთვის, რომ კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას გუშინ უპასუხა. როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვში პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებას ყურადღებით გაეცნენ და კმაყოფილებას გამოხატავენ მიმართვაში გამოთქმულ განწყობებთან დაკავშირებით.