ირაკლი კობახიძე - სამწუხაროა, რომ ზალკალიანმა დატოვა თანამდებობა, მის არჩევანს პატივს ვცემ, თეიმურაზ ჯანჯალიას თანამდებობა არ დაუტოვებია, მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო საკადრო გადაწყვეტილება
სამწუხაროა, რომ დავით ზალკალიანმა დატოვა თანამდებობა, თუმცა ეს იყო მისი არჩევანი და ამ არჩევანს, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დავით ზალკალიანს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ მასზე სერიოზული ზეწოლა ხორციელდებოდა.
„ბატონმა დავით ზალკალიანმა დატოვა თანამდებობა. მასთან მქონდა საუბარი. ყველას სხვადასხვაგვარი ნებისყოფა აქვს. მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო დავით ზალკალიანს, რომლის მიმართაც იყო ძალიან მძიმე ზეწოლა სხვადასხვა მხრიდან. აქ არ იგულისხმება „ნაცების“ ზეწოლა. იყო სერიოზული ზეწოლა და მე მხოლოდ და მხოლოდ სოლიდარობა შემიძლია გამოვუცხადო დავით ზალკალიანს. სამწუხაროა, რომ მან დატოვა თანამდებობა, თუმცა ეს იყო მისი არჩევანი და ამ არჩევანს, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება თეიმურაზ ჯანჯალიას, პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ შემთხვევაში ვითარება განსხვავებულია და ეს მინისტრის საკადრო გადაწყვეტილებაა.
„მანამდე შედგა საუბარი მაკა ბოჭორიშვილსა და თეიმურაზ ჯანჯალიას შორის და გადაწყვეტილება უკვე იყო მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ იგეგმებოდა ცვლილება. ამ შემთხვევაში თეიმურაზ ჯანჯალიას თანამდებობა არ დაუტოვებია, ეს იყო საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მაკა ბოჭორიშვილმა. მაკა ბოჭორიშვილმა მას შესთავაზა სისტემაში დარჩენა, რა იქნება მისი გადაწყვეტილება, არ ვიცი“, – აღნიშნა პრემიერმა.