ირაკლი კობახიძე – სამწუხაროა, რაც სხდომათა დარბაზში ვიხილეთ, აგენტურამ კიდევ ერთხელ აჩვენა სახე, როდესაც შეხედეს, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ
ნამდვილად სამწუხაროა, რაც სხდომათა დარბაზში ვიხილეთ. აგენტურამ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და საქართველოს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
კობახიძის თქმით, „როდესაც შეხედეს, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ, გადავიდნენ უზრდელობაზე, შეურაცხყოფაზე, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე“.
„ეს არის მათი სამარცხვინო სახე. რთულია, რაიმე შეცვალო, იქიდან გამომდინარე, რომ რთულია, სხვანაირად იმოქმედო, როდესაც არ გაქვს არც განათლება, არც ინტელექტი, არც კეთილსინდისიერება, არც პატრიოტიზმი. ამ დღეში არიან ეს ადამიანები. ძალიან სამწუხაროა, რომ კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი – ქალს, როცა ვუყურებთ ამ აგენტურას. ეს არის მათი საერთო სახე, ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა, რაც ნამდვილად ტრაგიკული მოვლენაა. ასეთები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები ერთი საუკუნის წინ. მათაც დაკარგული ჰქონდათ კაცს კაცის სახე, ქალს ქალის სახე და ეს არის ამ ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია. საერთო რა ჰქონდათ მაშინდელ ბოლშევიკებსა და დღევანდელ აგენტურას, რომელსაც თავის დროზე ოპოზიციას ვუწოდებდით, რაც მათთვის ძალიან დიდი კომპლიმენტი იყო? ორივე იყო აგენტურა. ჯაშუშობაზე, აგენტობაზე როდესაც გაქვს ხელი მოწერილი, იქ უბრალოდ შეუძლებელია, იმოქმედო ღირსეულად – კაცმა კაცივით, ქალმა ქალივით. ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს, მათ შორის ახალგაზრდები. მთავარი რჩევა, რაც უნდა მივცეთ ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკაში უნდათ მოსვლა თუ არ უნდათ, არის ის, რომ არცერთ შემთხვევაში ხელი არ მოაწეროთ აგენტობაზე. მახსოვს, აგენტობის პოპულარიზაციას ცდილობდნენ და ქვეყნებს მიჯნავდნენ ერთმანეთისგან. ამბობდნენ, რომ რომელიღაც ქვეყნის აგენტობა შეიძლება იყოს სათაკილო და რომელიღაც ქვეყნის აგენტობა შეიძლება იყოს არათუ მისაღები, არამედ მისასალმებელიც. ამ პროპაგანდის მსხვერპლები არიან ეს ადამიანები. რეალურად, მათ ხელი მოაწერეს საკუთარ ღირსებაზე უარის თქმას და ამის კონკრეტულ გამოხატულებას ვხედავთ დღეს სხდომათა დარბაზში, რაც ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტში დღეს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება იმ დროს დაიწყო, როდესაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე სიტყვით გამოდიოდა. შარაშიძემ პრემიერ-მინისტრის მისამართით განაცხადა, რომ „ქართული ოცნებაც“ კი არ იმსახურებს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს და დარწმუნებულია, რომ მის ამ მოსაზრებას თავად „ქართული ოცნების“ წევრებიც ეთანხმებიან“. შარაშიძის სიტყვით გამოსვლისას, სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძესა და „გახარია საქართველოსთვის“ წევრ გიგა ფარულავას შორის, რაც სხვა დეპუტატებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.