ირაკლი კობახიძე - სამთავრობო გეგმაში წერია, როგორ და რა ვადებში უნდა შესრულდეს ცხრა პუნქტი, დასამალი არაფერია, ალბათ მთავრობა ელოდება კონსულტაციებს ევროკომისიასთან და შემდეგ გასაჯაროვდება
ირაკლი კობახიძე - სამთავრობო გეგმაში წერია, როგორ და რა ვადებში უნდა შესრულდეს ცხრა პუნქტი, დასამალი არაფერია, ალბათ მთავრობა ელოდება კონსულტაციებს ევროკომისიასთან და შემდეგ გასაჯაროვდება

ცხრა პუნქტის შესრულების სამთავრობო გეგმის დოკუმენტი გაგზავნილია ევროკომისიაში. არ ვიცი, შეიძლება, მთავრობას აქვს ევროკომისიასთან ეს მოლაპარაკება, რომ ჯერ უნდა იყოს გავლილი გარკვეული კონსულტაციები და მერე უნდა გასაჯაროვდეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დასამალი არაფერი არის ამ დოკუმენტში, არის მარტივი დოკუმენტი, სადაც წერია, როგორ უნდა შესრულდეს ცხრავე პუნქტი, როგორი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს, ვინ უნდა განახორციელოს და რა ვადებში.

„მარტივი გეგმაა რეალურად, რაც არის გაგზავნილი ევროკომისიაში. რა თქმა უნდა, არაფერი დასამალი არ არის, ერთადერთი, ალბათ მთავრობა ელოდება კონსულტაციებს ევროკომისიასთან და ამის შემდეგ გასაჯაროვდება ეს სამოქმედო გეგმა. მესმის, რომ ინტერესი არის, მთავრობის საქმეა ეს, ამიტომ მთავრობას დაველოდოთ. მთავრობა აწარმოებს, მათ შორის, კონსულტაციებს ევროკომისიასთან. გაგრძელდება ეს კონსულტაციები და მთავრობა გადაწყვეტს ალბათ, როდის უნდა გასაჯაროვდეს სამოქმედო გეგმა. ეს დამოკიდებული იქნება კონსულტაციებზე, რომელიც იმართება ევროკომისიასთან“, – განაცხადა კობახიძემ.