ირაკლი კობახიძე - სამოქმედო გეგმაში მარტივად გაწერილია თითოეული პუნქტი, ცხრავე პრიორიტეტის გასწვრივ მითითებულია კონკრეტული ღონისძიებები, პასუხისმგებელი სუბიექტები და ვადები
ირაკლი კობახიძე - სამოქმედო გეგმაში მარტივად გაწერილია თითოეული პუნქტი, ცხრავე პრიორიტეტის გასწვრივ მითითებულია კონკრეტული ღონისძიებები, პასუხისმგებელი სუბიექტები და ვადები

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაში დეტალურად არის გაწერილი თითოეული ღონისძიება. მისივე თქმით, სასურველია, გეგმა მალე გასაჯაროვდეს.

„სასურველი იქნება, რაც შეიძლება მალე გასაჯაროვდეს. სავარაუდოდ კონსულტაციების გამო არ გასაჯაროვდა დღემდე. კომპეტენტურ კომისიასთან წარიმართება კონსულტაციები, თუმცა არის საზოგადოების, მედიის ინტერესი და ჩემი გადმოსახედიდან სასურველია, რაც შეიძლება მალე გასაჯაროვდეს. ალბათ უნდა დაველაპარაკოთ ამაზე ევროკომისიის წარმომადგენლებს. გასასაიდუმლოებელი არაფერი არ არის სამოქმედო გეგმაში, არის მარტივად გაწერილი თითოეული პუნქტი, არის ცხრა პრიორიტეტი და ცხრავე პრიორიტეტის გასწვრივ მითითებულია კონკრეტული ღონისძიებები, პასუხისმგებელი სუბიექტები და ვადები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ცხრა დათქმის შესრულება უკვე დაწყებულია და თითოეული პუნქტი მკაფიო მიდგომით უნდა შესრულდეს.

„გახსოვთ, ჩვენ წარვადგინეთ თავის დროზე ამ ფორმით 12 პრიორიტეტის შესრულების გეგმა. ეს მოხდა შარშან ივნისში და ზუსტად მივყევით ამ გეგმას. პასუხისმგებელი სუბიექტები, ვადები და ა.შ. ყველაფერი იყო დაცული. ზუსტად ასევე ვგეგმავთ ამ ახალი სამოქმედო გეგმის შესრულებასაც. ვფიქრობთ, ძალიან მკაფიო მიდგომით უნდა შესრულდეს თითოეული პუნქტი. არიან პასუხისმგებელი სუბიექტები, არის გაწერილი კონკრეტული ვადები და შესრულება უკვე დაწყებულიც კია. თქვენ თუ ჩახედავთ სამოქმედო გეგმას, როცა ამის საშუალება იქნება, ნახავთ, რომ გარკვეულ შემთხვევებში ვადად მითითებული იყო დეკემბრის დასაწყისიც კი, ან დეკემბრის ბოლო, გარკვეულ შემთხვევაში, იანვარი, თებერვალი და ა.შ. ანუ, ეს ვადები არ არის გაწერილი მაინც და მაინც მომავალი წლის დეკემბრის ბოლოსთვის. მუდმივ რეჟიმში უნდა შესრულდეს ცალკეული პუნქტები, იმისდა მიხედვით, რა პრიორიტეტია შესასრულებელი. ამიტომ უკვე დაწყებულია რეალურად მუშაობა. სასურველია, რაც შეიძლება მალე გასაჯაროვდეს სამოქმედო გეგმა, რათა საზოგადოებას უფრო ნათელი წარმოდგენა ჰქონდეს, როგორ გვესახება ამ პრიორიტეტების შესრულება. ბუნებრივია, არაფერია დასამალი და ვფიქრობ, რაც შეიძლება მალე უნდა გასაჯაროვდეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.