ირაკლი კობახიძე - „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა გუშინ გააკეთა კიდევ უფრო სკანდალური განცხადება, რომ უხეში ხარვეზის შესახებ ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს იცოდა
ირაკლი კობახიძე - „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა გუშინ გააკეთა კიდევ უფრო სკანდალური განცხადება, რომ უხეში ხარვეზის შესახებ ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს იცოდა

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა გუშინ კიდევ უფრო სკანდალური განცხადება გააკეთა, რომ მან უხეში ხარვეზის შესახებ ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს ყველაფერი იცოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ორი კვირის განმავლობაში PVT-ის სიყალბეს საგულდაგულოდ მალავდა, რაც უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტია.

„რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ გაავრცელა სკანდალური განცხადება და აღიარა უხეში ხარვეზი ხმის პარალელურ დათვლაში, ე.წ. PVT-ში. გუშინ ამ განცხადებას დაემატა ორგანიზაციის ხელმძღვანელის კიდევ უფრო სკანდალური განცხადება იმის შესახებ, რომ მან უხეში ხარვეზის შესახებ ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს ყველაფერი იცოდა. მიუხედავად იმისა, რომ PVT-ზე დაყრდნობით რადიკალური ოპოზიცია მთელი ამ დროის განმავლობაში ვითარების კრიზისში შეყვანას ყოველდღიურად ცდილობდა, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მომდევნო ორი კვირა PVT-ის სიყალბეს საგულდაგულოდ მალავდა, რაც, დამეთანხმებით, უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტია.

ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, არასამთავრობო ორგანიზაციისთვის აგვერიდებინა რეპუტაციული ზიანი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციის მიერ დაშვებული ხარვეზი გახდა რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის უმთავრესი საყრდენი, ჩვენ მაქსიმალურად რბილი განცხადებით გამოვეხმაურეთ სკანდალურ ინფორმაციას. საჯაროდ შეგნებულად არ გამოვთქვით საფუძვლიანი ვარაუდი PVT-ის მანიპულაციასთან დაკავშირებით, რასაც დახურულ შეხვედრებზე ვაფიქსირებდით. თუმცა, სამწუხაროდ, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ჩვენს თავაზიან მიდგომას დაუპირისპირა არასათანადო პასუხი, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა. ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ განცხადებაში მან შეიტანა ორი ინფორმაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც უხეშად მცდარი.

პირველი – განცხადებაში აღინიშნა, რომ, თითქოს შესწორება არ ახდენს გავლენას მანდატების განაწილებაზე, მაშინ, როდესაც PVT-ის პირველადი მონაცემების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ჯამურად 4-ით ნაკლები საპარლამენტო მანდატი ერგებოდა. მეორე – ბევრად მნიშვნელოვანი მცდარი ინფორმაცია უკავშირდება ოქმებში დაფიქსირებულ დისბალანსს – კერძოდ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ კიდევ ერთხელ გაიმეორა პირველ განცხადებაში გავრცელებული შემდეგი მცდარი შეფასება: „გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა“, – ეს არის მათი ციტატა“, – განაცხადა კობახიძემ.