ირაკლი კობახიძე - სამ თვეში ერთხელ იკრიბება ევროკომისია, ევროპული საბჭო, სამ თვეში ერთხელ გეუბნებიან უარს მოლაპარაკების გახსნაზე, აშანტაჟებენ ქვეყანას, ჩვენ მივიღეთ ძალიან მტკივნეული ხუთი დღე, თუმცა აღარ მივეცით შანტაჟის გამუდმებით გაგრძელების შესაძლებლობა
ირაკლი კობახიძე - სამ თვეში ერთხელ იკრიბება ევროკომისია, ევროპული საბჭო, სამ თვეში ერთხელ გეუბნებიან უარს მოლაპარაკების გახსნაზე, აშანტაჟებენ ქვეყანას, ჩვენ მივიღეთ ძალიან მტკივნეული ხუთი დღე, თუმცა აღარ მივეცით შანტაჟის გამუდმებით გაგრძელების შესაძლებლობა

ჩვენ მივიღეთ ძალიან მტკივნეული ხუთი დღე, თუმცა, საბოლოო ჯამში, აღარ მივეცით ჩვენს არაკეთილმოსურნეებს შანტაჟის გამუდმებით გაგრძელების შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ უპასუხა კითხვას, რომელიც 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა.

„ეს პროცესები იყო ძალიან მტკივნეული ყველასთვის, მათ შორის ჩვენთვის, თუმცა ეს იყო გადასატანი, და განვმარტავ, რას ვგულისხმობ ამაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო ფარსი, რაც მოხდა, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი შეიყვანეს ამ ფარსით შეცდომაში. რეალურად, მანამდე იყო გაცხადებული ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად, ევროკავშირის მხრიდან, პროცესის შეჩერების თაობაზე. არამარტო განცხადება იყო ამასთან დაკავშირებით გაკეთებული. ერთი იყო ევროკავშირის ელჩის განცხადება, წერილობითი დოკუმენტიც არსებობდა ამასთან დაკავშირებით, რომელიც ივნისში გამოიცა. შესაბამისად, შეჩერებული იყო მათი მხრიდან და მოგვიანებით, 28 ნოემბერს მათ გამოაცხადეს, რომ მათ მიერ შეჩერებული პროცესი თურმე ჩვენ შეგვიჩერებია, რაც აბსურდულობაზე თავისთავად მეტყველებს. რატომ იყო გადასატანი ეს ყველაფერი? ეს რომ არ გადაგვეტანა, ეს მტკივნეული ხუთი დღე, ჩვენ მუდმივად დავრჩებოდით იმავე პროცესში, სადაც გამუდმებით გაშანტაჟებენ ერთი და იმავე თემით. სამ თვეში ერთხელ იკრიბება ევროკომისია, ევროპული საბჭო და წარმოიდგინეთ პროცესი თეორიულად, რომ ეს ყველაფერი არ მოხდა და სამ თვეში ერთხელ გეუბნებიან უარს მოლაპარაკების გახსნაზე, სამ თვეში ერთხელ აშანტაჟებენ ქვეყანას. ეს ბევრად უფრო მტკივნეული იქნებოდა და ეს იქნებოდა ხანგრძლივი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის. ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული ხუთი დღე, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ აღარ მივეცით ჩვენს არაკეთილმოსურნეებს შანტაჟის გამუდმებით გაგრძელების შესაძლებლობა. ამიტომ ეს აუცილებლად იყო გასაკეთებელი. დღესაც ამ რწმენით ვმოქმედებთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მტკივნეული იყო ის დღეები, რომლებიც ყველამ გამოვიარეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ქრისტიანული კულტურული სივრცე იყო მთავარი, რატომაც საუკუნეების განმავლობაში წინაპრები ევროპისკენ იყურებოდნენ. მისივე განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი, რასაც ებრძვიან არაფორმალური ძალები ევროპაში, არის სწორედ ქრისტიანული კულტურა.

მისივე თქმით, საქართველო კვლავაც განაგრძობს შესაბამისი ზომების მიღებას, რათა ვითარება შეიცვალოს, თუმცა ეს პროცესი ცალმხრივი ვერ იქნება.

„ევროპა ჩვენთვის, პირველ რიგში, არის კულტურული სივრცე და ამ თვალსაზრისით არის ჩვენთვის ღირებული ევროპა, რომლის ნაწილადაც საკუთარ თავს მოვიაზრებთ. კულტურული განზომილებიდან გამომდინარე მოვიაზრებთ ჩვენ, პირველ რიგში, საკუთარ თავს ევროპის სივრცის ნაწილად. ქრისტიანული კულტურული სივრცე იყო მთავარი მიზეზი, რატომაც საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები ევროპისკენ იყურებოდნენ. ქრისტიანობის, ქრისტიანული კულტურის, საკუთარი იდენტობის დაცვის შესაძლებლობას ხედავდნენ ისინი ევროპაში. თუმცა დღეს, სამწუხაროდ, ბევრი რამ იცვლება, მათ შორის, სწორედ ამ კუთხით. ერთ-ერთი მთავარი, რასაც ებრძვიან არაფორმალური ძალები ევროპაში, ეს არის სწორედ ქრისტიანული კულტურა. შესაბამისი ღირებულებები, შესაბამისი ფასეულობები. აქედან გამომდინარე, ტენდენციები არის ძალიან მძიმე. თუმცა ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ტენდენციები დადებითისკენ შემობრუნდება. ჩვენთვის ძალიან ღირებულია, დავრჩეთ იმ ევროპული კულტურის ნაწილად, რომელიც გვახსოვს ტრადიციულად. ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ შესაბამისი ზომების მიღებას, იმისთვის, რომ ვითარება შეიცვალოს, თუმცა ეს პროცესი ცალმხრივი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება. დაველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს“, – განაცხადა პრემიერმა.