ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილმა შემოგვთავაზა ნათელაშვილის ფანჩატურის რეინკარნაცია, პროექტი უკვე ჩავარდნილია და წარმატების პერსპექტივა არ აქვს
ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილმა შემოგვთავაზა ნათელაშვილის ფანჩატურის რეინკარნაცია, პროექტი უკვე ჩავარდნილია და წარმატების პერსპექტივა არ აქვს

ზოგადად, როცა რაიმე პროექტი ჩავარდება, იმის თავიდან დაწყება არ არის ხოლმე მომგებიანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის ქარტიასთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერის თქმით, აღნიშნული პროექტი განწირულია.

„გახსოვთ, ასეთი პროექტი ადრეც არსებობდა, მას უწოდებდნენ ნათელაშვილის ფანჩატურს, ამის რეინკარნაცია შემოგვთავაზა ახლა სალომე ზურაბიშვილმა. ჩავარდნილი პროექტის გაცოცხლება არის განწირული წარუმატებლობისთვის. იგივე ადამიანები, არაევროპული სახეები, წარმატების პერსპექტივა ამ პროექტს არ აქვს. უკვე ჩავარდნილია. მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ. რეალურად, სალომე ზურაბიშვილმა შექმნა უცხოელი აგენტების პარტიული რეესტრი. სხვა არაფერი შეიძლება, ეწოდოს იმ სიას, რომელიც შედგა სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც კიდევ ერთხელ მოთავსდა ერთ ქვაბში, სადაც, პრინციპში, ისედაც იყო მოთავსებული“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროექტი, რომელიც წარმოდგენილია, რეალურად, სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოშლის გეგმაა.

„სალომე ზურაბიშვილს თუ უნდოდა ჩვენი გაწევრიანება კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“, რა თქმა უნდა, ეს იყო სრულიად უპერსპექტივო ამოცანა. რაც შეეხება გეგმას, რომელიც არის წარმოდგენილი ე.წ. ქარტიაში, ეს არის, რეალურად, სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოშლის გეგმა, თითოეული პუნქტი, რომელიც არის წარმომადგენილი ე.წ. ქარტიაში, არის სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის მოშლის გეგმა, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. უცხოელი აგენტები როდესაც აფორმებენ გარკვეულ შეთანხმებას, რა თქმა უნდა, მათი ერთადერთი ამოცანა შეიძლება იყოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოშლა და ზუსტად ამას ასახავს ქარტია, რომელიც არის წარმოდგენილი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.