ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ისაუბრა ყველა იმ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომლებიც  ჩვენი ქვეყნის წინაშეა
ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ისაუბრა ყველა იმ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა

საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა შესანიშნავი გამოსვლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მან ყურადღება გაამახვილა ყველა იმ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. ასევე არაჩვეულებრივი იყო კითხვა-პასუხი, რომელიც გაიმართა სიტყვით გამოსვლის შემდეგ. მთლიანობაში ეს მოხსენება და კითხვა-პასუხი ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს თითოეული ჩვენგანისგან“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა.

მისივე თქმით, სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა ოკუპაციის თემაზე ზედმიწევნით ისაუბრა.

„თემები როგორ გადანაწილდება მოხსენების შიგნით, არის მომხსენებლის საქმე და, რა თქმა უნდა, თანმიმდევრობა ამ შემთხვევაში პრიორიტეტებს არ გამოხატავს. მთავარი არის ის, რომ ოკუპაციაზე სალომე ზურაბიშვილმა ზედმიწევნით დეტალურად ისაუბრა და გააჟღერა ყველა ის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ოკუპაციასთან არის დაკავშირებული. დანარჩენი, რა თქმა უნდა, სპეკულაციაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.