ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილმა არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია და აწარმოებდა აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ეს არის ორი მიზეზი, რატომაც არ იმსახურებს საგარეო ვიზიტებზე თანხმობას
ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილმა არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია და აწარმოებდა აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ეს არის ორი მიზეზი, რატომაც არ იმსახურებს საგარეო ვიზიტებზე თანხმობას

სალომე ზურაბიშვილმა არაერთგზის დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება კონსტიტუციას, გაუჭირდება ასეთ თანამდებობის პირთან თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ დაასახელა ორი მიზეზი, რატომაც, მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი არ იმსახურებს საგარეო ვიზიტებზე თანხმობას.

„იცით წინა ისტორია, სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა არაერთგზის დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, რაც, ბუნებრივია, შესაბამისად აისახება ამ ყველაფერზე. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში ნებისმიერ ადამიანს, თანამდებობის პირს, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება კონსტიტუციას, ქვეყნის ძირითად კანონს, გაუჭირდება ასეთ თანამდებობის პირთან თანამშრომლობა. ორი მიზეზი, რატომაც სალომე ზურაბიშვილი არ იმსახურებს თანხმობას საგარეო ვიზიტებზე: ერთი არის ის, რომ მან შეგნებულად არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია. ეს არის პირველი მიზეზი; მეორე მიზეზი არის ის, რომ ის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აწარმოებდა აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ბოლო დღემდე, ბოლო დღის ჩათვლით ვერ ვათქმევინეთ მას, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება. ჩვენ სახელმწიფო ინტერესებზე ვზრუნავთ, ჩვენ არ გვაინტერესებს, სალომე ზურაბიშვილი სად გაემგზავრება, სად არ გაემგზავრება. ეს არ არის ჩვენთვის ამოსავალი წერტილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა არ დააზიანოს სახელმწიფო ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია და, შეიძლება, გააგრძელოს ამ პრაქტიკის მიხედვით მოქმედება.

„ეს არის მისი საქმე. ამით ის ქვეყანას ვერ დააქცევს. არ იქნება კარგი, იქნება ძალიან ცუდი, თუმცა სახელმწიფოს ის ამ კუთხით პრობლემებს ვერ შეუქმნის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.