ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობა“ შეთანხმებული არიან, რომ „ნაცმოძრაობამ“ დაიწყო ომი, ასეთ პირობებში რა უნდა გამოვიძიოთ, მაგრამ მსჯელობა ყველაფერზე შეიძლება
ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობა“ შეთანხმებული არიან, რომ „ნაცმოძრაობამ“ დაიწყო ომი, ასეთ პირობებში რა უნდა გამოვიძიოთ, მაგრამ მსჯელობა ყველაფერზე შეიძლება

სალომე ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობა“ შეთანხმებული არიან, რომ „ნაცმოძრაობამ“ დაიწყო ომი, ასეთ პირობებში რა უნდა გამოვიძიოთ, მაგრამ მსჯელობა ყველაფერზე შეიძლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს „ხალხის ძალის“ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია: „გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს თუ შეაწყალებინებს, არჩევნებს აღარ დაველოდებით და აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ახლავე მოვითხოვთ“.

„ყველამ ყველაფერი იცის ამ თემასთან დაკავშირებით. იცით, რომ თვითონ „ნაცმოძრაობამ“ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც შეტანილია უმძიმესი ჩანაწერები, მათ შორის, საუბარია იმაზე, რომ სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ. ასევე საუბარია იმაზე, რომ შემდეგ რუსეთს ჰქონდა საპასუხო რეაქცია ამასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ამაზე ხელი მოაწერა „ნაცმოძრაობამ“. თვითონ სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი, ასეთი ვითარებაა. ერთადერთი, ვინც ამ თემაზე საერთოდ არ საუბრობს, არის „ქართული ოცნება“. „ხალხის ძალის“ წერილში რაც ეწერა – სალომე ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობა“ შეთანხმებული არიან იმასთან დაკავშირებით, რომ მაშინ „ნაცმოძრაობამ“ დაიწყო ომი, ეს არის მათი გაცხადებული პოზიცია. ასეთ პირობებში რა უნდა გამოვიძიოთ, მაგრამ, ზოგადად, ყველაფერთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა. „ხალხის ძალას“ აქვს ეს პოზიცია. შეგვიძლია, ყველაფერთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ, თუმცა მგონია, რომ ხალხს გამოტანილი აქვს განაჩენი, მათ შორის იმ დანაშაულის გამო, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.