ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის ომის შესახებ პასუხს გაექცა, პრეზიდენტმა უნდა დააკონკრეტოს, რასაც მაშინ ამბობდა, არ იყო მართალი, თუ დღეს აქვს განსხვავებული პოზიცია
ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის ომის შესახებ პასუხს გაექცა, პრეზიდენტმა უნდა დააკონკრეტოს, რასაც მაშინ ამბობდა, არ იყო მართალი, თუ დღეს აქვს განსხვავებული პოზიცია

სალომე ზურაბიშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის პირველი თანხვედრა მოხდა მაშინ, როდესაც 2008 წლის ომთან დაკავშირებით ორივემ ერთნაირი პოზიცია დააფიქსირა, ამბობდნენ, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მოგვიანებით კი, გაღრმავდა ეს ალიანსი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა უნდა დააკონკრეტოს, რასაც მაშინ ამბობდა, არ იყო მართალი, თუ დღეს აქვს განსხვავებული პოზიცია.

„მინდა, შეგახსენოთ, სალომე ზურაბიშვილი გაექცა პასუხს შეკითხვაზე 2008 წლის ომთან დაკავშირებით.  გახსოვთ, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადეს მოღალატედ, ჯაშუშად, აგენტად იმ განცხადების გამო, რომელიც უკავშირდებოდა 2008 წლის ომის დაწყებას. მან თქვა, რომ საქართველომ დაიწყო ომი. მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობას“ იგივე ჰქონდა ზუსტად ხელმოწერილი, ცოტა ხნით ადრე, 2008 წელს, ამის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი მათ გამოაცხადეს აგენტად და ჯაშუშად. ეს ხომ რელევანტური კითხვაა, რომელსაც პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი. მაშინ რასაც ამბობდა, ის არ იყო მართალი, თუ დღეს აქვს განსხვავებული პოზიცია. ეს უნდა დაკონკრეტდეს, რადგან აქ საუბარი ეხება პრეზიდენტს და მის მიერ გაკეთებულ განცხადებას. სინამდვილეში, პირველი თანხვედრა სალომე ზურაბიშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის მოხდა სწორედ მაშინ, როდესაც ორივემ ერთი და იგივე პოზიცია დააფიქსირა. ორივე ერთად ამბობდა, რომ საქართველომ დაიწყო 2008 წლის ომი, შემდეგ მოგვიანებით გაღრმავდა ეს ალიანსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.