ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო რეფორმა ჩვენი სახელმწიფოს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო რეფორმა ჩვენი სახელმწიფოს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს

საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც 2018 წლის მარტში დასრულდა საქართველოს სახელმწიფოს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს კანონშემოქმედებით საქმიაობაზე გაამახვილა ყურადღება და საკონსტიტუციო რეფორმა გამოყო.

„საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც 2018 წლის მარტში დასრულდა და რომლის შედეგადაც შეიქმნა ეროვნულ სამართლებრივ რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი, წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების მყარ საფუძველს. კონსტიტუციის ახალი რედაქცია აყალიბებს ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაფუძნებულ დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას, რომლის ძირითადი ელემენტებია ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი შეფასებით, საკონსტიტუციო რეფორმის წარმატებას ადასტურებს ვენეციის კომისიის შეფასებაც, რომლის თანახმად: „საკონსტიტუციო რეფორმამ საბოლოოდ დაასრულა საქართველოს პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო სისტემად გარდაქმნის პროცესი და ის წარმოადგენს ქვეყნის კონსტიტუციური წყობის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისკენ გადადგმულ დადებით ნაბიჯს, ეფუძნება რა დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპებს“.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კონსტიტუციის ახალი რედაქციით დამკვიდრებული საპარლამენტო მმართველობის მოდელი მოითხოვდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახლებურ გააზრებას, რაც შრომატევადი იყო.

„პარლამენტმა ამ რთულ ამოცანასაც ღირსეულად გაართვა თავი და შექმნა ევროპული სამართლებრივი კულტურის მაღალი სტანდარტების შესაბამისი ახალი რეგლამენტი. შედეგად, კიდევ უფრო გამოიკვეთა პარლამენტის საზედამხედველო როლი და გაჯანსაღდა პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობების სისტემა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, 2018 წელს პარლამენტის კიდევ ერთი მასშტაბური ამოცანა იყო საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზება. ამ მიზნით, ცვლილება განხორციელდა 100-ზე მეტ კანონში, აგრეთვე შეიქმნა ახალი საკანონმდებლო აქტები.

„შესაბამისად, კომიტეტებმა შეასრულეს მნიშვნელოვანი სამუშაო, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი არ იყო მხოლოდ ტექნიკური დატვირთვის მატარებელი და მიზნად არ ისახავდა კანონმდებლობის კონსტიტუციასთან მხოლოდ ფორმალური შესაბამისობის უზრუნველყოფას, არამედ ამ პროცესმა მოგვცა კიდევ ერთი შესაძლებლობა, გადაგვედგა ნაბიჯები ჩვენი ქვეყნისა და თანამოქალაქეების ინტერესების სასიკეთოდ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამის მკაფიო მაგალითია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის მასშტაბური გადასინჯვა.

„კონსტიტუციის შესაბამისად მოწესრიგდა საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხები; გაიწერა საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის გამოცემის დეტალები; დაზუსტდა თავდაცვის ძალების მართვის საკითხები როგორც მშვიდობიანობის, ისე საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს. ცალკე აღსანიშნავია რეზერვისა და მობილიზაციის ახალი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს და საჭიროების შემთხვევაში, მოგვცემს ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობას“, – აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.

ამასთან, მისი თქმით, მოქალაქეობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით ახლებურად ჩამოყალიბდა საქართველოს მოქალაქეობის ფლობის წესი. ახალი რეგულაციებით დადგინდა უკეთესი პირობები ემიგრაციაში მყოფი თანამემამულეებისთვის, რომლებიც ამჟამად არ ფლობენ საქართველოს მოქალაქეობას, თუმცა აღნიშნული სტატუსის დაბრუნება სურთ. აგრეთვე, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დადგინდა უცხოელებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა და ქვეყანაში მუდმივად ყოფნის ახალი რეგულაციები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება.

დღეს მეცხრე მოწვევის პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაიწყო.  ახალი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სხდომაზე პარლამენტის 2018 წლის ანგარიში წარადგინა და 2019 წლის გეგმებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ასევე მთავრობის წევრები დაესწრნენ.