ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო, ეკლესია დგას თავის ადგილზე და ვერავინ ვერაფერს შეარყევს
ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო, ეკლესია დგას თავის ადგილზე და ვერავინ ვერაფერს შეარყევს

მსოფლიოში არის ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც უსმენს გერმანელებს, ფრანგებს, ამერიკელებს და ა.შ. ამის რისკები არის, არა მხოლოდ ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში, არამედ განვითარებულ ქვეყნებშიც კი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, ბუნებრივია, რისკები ყველგან არსებობს და შესაბამისად, საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება.

„ამაზე კონცენტრირებულია მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა. თუ გავიხსენებთ იმას, რომ ქვეყნის უსაფრთხოება პრინციპში, სათანადოდ, არსებითად არის დაცული, შეგვიძლია, აღვნიშნოთ, რომ სუს-ი საკუთარ მოვალეობას სათანადოდ ასრულებს. თუმცა, რა თქმა უნდა, მუდმივად არის სამუშაო იმაზე, რომ ნებისმიერი საგარეო, თუ საშინაო რისკები გამოვრიცხოთ და ამაზე მუშაობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე პირდაპირი დარტყმები მიდის, რასაც ზუსტად იგივე მიზანი აქვს, რაც აქვს ეკლესიაზე დარტყმას, სახელმწიფოზე, პოლიციაზე, ჯარზე და ა.შ.

„ამ ყველაფრის ავტორი არის „ნაცმოძრაობა“, სატელიტებით – გახარიებით, „ლელოებით“ და ა.შ. მათი მიზანი არის ერთადერთი – შეარყიონ სახელმწიფო, ეკლესიაა ა.შ. სუს-იც ზუსტად მაგიტომ არის მათი დარტყმის ობიექტი. თუმცა, სახელმწიფო, ეკლესია დგას თავის ადგილზე და ვერავინ ვერაფერს შეარყევს. ამას უახლოეს მომავალში ყველა დაინახავს. ამას ყველა დაინახავს მათ შორის, 2 ოქტომბერს, როდესაც ქართული საზოგადოება თავის არჩევანს გააკეთებს“, – განაცხადა კობახიძემ.

წამყვანის შეკითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია, რა ეტაპზეა გამოძიება, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სამართალდამცავი ორგანოების ხელთ არსებულ ინფორმაციებზე სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა ისაუბრონ.

შეკითხვაზე, რას ნიშნავს მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ წინასაარჩევნოდ შესაძლოა, საჯაროდ კიდევ ვიხილოთ, უკვე საჯარო მოხელეთა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები, კობახიძემ განაცხადა, რომ საუბარი იყო არა საჯარო მოხელეზე, არამედ საჯარო პირზე.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ კონკრეტულ კერძო სივრცეში კონკრეტული პირის მიერ განხორციელებულია გარკვეული ჩანაწერი, რომეელიც უკავშირდება არა საჯარო მოხელეს, არამედ საჯარო პირს. პრევენციისთვის, გავაკეთეთ ასეთი განცხადება. ჩვენ ვიცოდით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ტელევიზიებს დაგეგმილი ჰქონდათ ამ ჩანაწერის გავრცელება. პრევენციისთვის, ეს გავაკეთეთ და იმედია, ისინი ვეღარ გაბედავენ ამ ჩანაწერის გავრცელებას“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, საუბარი არ არის ხელისუფლების წარმომადგენელზე. მისივე თქმით, გავრცელებული ფარული მასალების ავტორთა მიზანი საზოგადოების მღელვარების გამოწვევა იყო.

შეკითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს მომხდართან დაკავშირებით და განიხილავს თუ არა მმართველი გუნდი სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომასთან, ან დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვიღაცების გადადგომასთან დაკავშირებით ოპოზიციის სრულიად არასერიოზულ მოთხოვნებზე კომენტარსაც არ გააკეთებს.