ირაკლი კობახიძე - სახალხო დამცველი აქციეს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ რიგით აქტივისტად, რაც აჩვენებს, რომ არც ერთი ინსტიტუტის დათმობა არ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობისთვის“
ირაკლი კობახიძე - სახალხო დამცველი აქციეს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ რიგით აქტივისტად, რაც აჩვენებს, რომ არც ერთი ინსტიტუტის დათმობა არ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობისთვის“

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შიმშილობაზე პასუხისმგებელი არის თავად მიხეილ სააკაშვილი, ხოლო ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ადამიანის უფლებების დაცვა.

„შიმშილობაზე პასუხისმგებელი არის თავად მიხეილ სააკაშვილი, ეს იყო მისი გადაწყვეტილება, მისი ნება და აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა. რაც შეეხება ხელისუფლებას, მისი პასუხისმგებლობაა ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის ამ მძიმე კრიმინალის უფლებების დაცვა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას სახალხო დამცველის აპარატის გუშინდელ განცხადებაზე, რომ „N18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკი უსაფრთხოების თვალსაზრისით“, კობახიძის თქმით, სახალხო დამცველს აქვს მკაფიოდ გამოკვეთილი პოლიტიკური მიკერძოება.

„სახალხო დამცველი რას ამბობს, ეს არ არის მთავარი, მათ შორის გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველს აქვს ძალიან მკაფიოდ გამოკვეთლი პოლიტიკური მიკერძოება, ესეც აჩვენებს მათ შორის იმას, მაგალითად, რატომ არ შეიძლება „ნაცმოძრაობამ“ მოიგოს თუნდაც ერთი მუნიციპალიტეტი. ჩვენ თავს დროზე გვითხრეს, ასეთი რეკომენდაცია იყო, რომ ოპოზიციისთვის დაგვეთმო სახალხო დამცველის ინსტიტუტი და ნაცვლად იმისა, რომ სათანადოდ გამოეყენებინათ ეს ინსტიტუტი, მიუკერძოებელი შეფასებების გაკეთებისთვის, სახალხო დამცველი აქციეს „ნაცმოძრაობის“ერთ-ერთ რიგით აქტივისტად. ეს არის ძალიან ცუდი და აჩვენებს, რომ არც ერთი ინსტიტუტის დათმობა არ შიძლება „ნაციონალური მოძრაობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა იქნება კანონის და ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისი.

დატოვე კომენტარი