ირაკლი კობახიძე – საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის, დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის, შესაბამისად ჩვენ არ ვაპირებთ ამ პოლემიკაში ჩართვას
საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის, დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის, შესაბამისად ჩვენ არ ვაპირებთ ამ პოლემიკაში ჩართვას და ყველას მოვუწოდებთ, ნუ იქნებიან ასეთი პოლემიკის ინიციატორები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლების წარმომადგენელს შორის არასწორია და კითხვების არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის.
„საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის, დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის. შესაბამისად ჩვენ არ ვაპირებთ, რა თქმა უნდა, ამ პოლემიკაში ჩართვას და ასევე ყველას მოვუწოდებთ, რომ ნუ იქნებიან ასეთი პოლემიკის ინიციატორები. თქვენ იცით, რომ მთელი კამპანია იყო გაჩაღებული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ამ კამპანიაში იყვნენ ჩართული ე.წ. „ენჯეოები“, „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ტელევიზიები, მედიასაშუალებები და სხვა სუბიექტები. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით ამ წლების განმავლობაში იმისათვის, რომ დაგვეცვა ეკლესია ასეთი თავდასხმებისგან და იმედი გვაქვს, რომ მომავალში ისე გაგრძელდება პროცესები, როგორც ეს არის მაქსიმალურად ეკლესიის ინტერესებსა და ქვეყნის ინტერესებში.
ჩვენ, მთელი ამ წლების განმავლობაში ვიცავდით ეკლესიას თავდასხმებისგან. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის, არის დამაზიანებელი როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის. ეს უნდა გაითვალისწინოს როგორც სასულიერო პირმა, ისე ხელისუფლების წარმომადგენელმა. შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ საჯარო პოლემიკაში შესვლას. თუ რაიმე კითხვები არსებობს, ჩვენ ყველაფერთან დაკავშირებით მზად ვართ შეხვედრისთვის, საუბრისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლების წარმომადგენელს შორის. ყველას ვთავაზობთ საუბარს, შეხვედრას, დისკუსიას, ამისათვის ვართ აბსოლუტურად ღია. საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლების წარმომადგენელს შორის არის არასწორი და ამას ვეტყოდი მე ყველას, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ შორის სასულიერო პირებს,“- აღნიშნა პრემიერმა.