ირაკლი კობახიძე - საინტერესოა, აშშ-ის ელჩისგან მივიღოთ მკაფიო პასუხი, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, რომელზეც საუბრობს მოსამართლე, ან უნდა იყოს ეს ფაქტი უარყოფილი, ან ვიღაცამ აიღოს პასუხისმგებლობა
ირაკლი კობახიძე - საინტერესოა, აშშ-ის ელჩისგან მივიღოთ მკაფიო პასუხი, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, რომელზეც საუბრობს მოსამართლე, ან უნდა იყოს ეს ფაქტი უარყოფილი, ან ვიღაცამ აიღოს პასუხისმგებლობა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასამართლოს მიერ ზეწოლისგან თავის დაცვა, ვინმეს წინააღმდეგ კამპანიას არ წარმოადგენს.

რაც შეეხება თავად სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხს, კობახიძის განმარტებით, აშშ-ის ელჩისგან ელოდებოდა მკაფიო განმარტებას და იმ ბრალდების უარყოფას, რომელზეც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ისაუბრა.

„სასამართლო რომ ზეწოლისგან თავს იცავს, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ამას რეალურად, ობიექტურად ვერავინ ვერ დაარქმევს ვინმეს წინააღმდეგ კამპანიას. თუ სასამართლოზე ხორციელდება ზეწოლა და სასამართლო ამისგან თავს იცავს, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა. სასამართლო არის ერთ-ერთი ინსტიტუტი, ამ ინსტიტუტს წარმოადგენენ მოსამართლეები და შესაბამისად, როდესაც ისინი თავს იცავენ, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი ლოგიკური გაგრძელება.

რაც შეეხება თვითონ სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხს, მე ველოდი მკაფიო განმარტებას და უარყოფას იმისა, რომ ასე ჩარევა არ მომხდარა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს წარსულში, როდესაც აგორებული იყო კამპანია ამ ზეწოლასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის საელჩოდან არავინ ამას არ იკადრებდა და შესაბამისად, ამერიკის ელჩისგან ველოდით სწორედ ასეთ პასუხს, რომ ის დარწმუნებული იყო, ამერიკის საელჩოში ეს არავის უკადრია. შესაბამისად, ვფიქრობდი, რომ ის უარყოფდა იმ ბრალდებას, რომელიც გაისმა მოსამართლე ჩხიკვაძის მხრიდან, თუმცა ეს არ მოვისმინეთ, რაც არის ძალიან დამაფიქრებელი და შემაშფოთებელი.

კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის საინტერესოა, მივიღოთ მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, თან ასეთი უხეში ფორმით, რომელზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე. ან უნდა იყოს ეს ფაქტი უარყოფილი მკაფიოდ და ცხადად, ან ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ განხორციელდა კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან ზეწოლა ქართველ მოსამართლეზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „როდესაც გარკვეული კითხვები ისმება საჯაროდ, და თუ ეს კითხვები საოგადოებისთვისაც საინტერესოა, კარგი იქნება, რომ ამ კითხვებზე ზუსტი პასუხი იყოს გაცემული“.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 15 ივლისს განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან. „მან მითხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და გამოვიყენე თავისუფლების აღკვეთა“, – განაცხადა მოსამართლემ.

ამასთან, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ განაცხადა: „აშშ-მა ძალიან დიდი დრო დაუთმო საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაზე მუშაობას, შესაძლებლობების განვითარებას, ცდილობდა, გაეუმჯობესებინა პროფესიონალიზმი, გამჭვირვალობა, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა და ეს მოიცავდა მრავალ მიმოცვლას აშშ-ის ექსპერტებსა და ქართველ მოსამართლეებს, პროკურორებსა და ადვოკატებს შორის. ეს არის რუტინული შეხვედრები, რომელიც ყოველთვის ხდება. და თუ ვინმეს სურს, არასწორად დაახასიათოს ისინი, ან იმაზე მეტი მნიშვნელობა მიანიჭოს, ვიდრე აქვს, ცხადია, ეს მხოლოდ მათი მიზნებისთვისაა“.

გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამმა ყოფილმა ყოფილმა წევრმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა.