ირაკლი კობახიძე - საგამოძიებო კომისიამ სამი თვის განმავლობაში ვერ დაადგინა იმაზე მეტი, რაც საგამოძიებო ორგანოებმა
ირაკლი კობახიძე - საგამოძიებო კომისიამ სამი თვის განმავლობაში ვერ დაადგინა იმაზე მეტი, რაც საგამოძიებო ორგანოებმა

ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო ანგარიში პოლიტიკურ კონტექსტს ასახავს, რაც სამწუხაროა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

მისი შეფასებით, ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი პრეცედენტი დაუშვა, როცა დროებითი საგამოძიებო კომისია შეექმნა და მასში უმრავლესობა ოპოზიციას მისცა.

„იმედი გვქონდა, ამ უფლებას თუ პრივილეგიას უმცირესობა სუბიექტური პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენებდა.  საბოლოოდ, ანგარიში პოლიტიკურ კონტექსტს ასახავს, რაც სამწუხაროა.  კომისიამ თავს ამბიციური ამოცანა დაუსახა, ამ საქმეზე ჭეშმარიტება დაედგინა. ოპოზიციისა და საზოგადოების პრეტენზია უკავშირდებოდა იმას , რომ საგამოძიებო ორგანოებმა საქმე ბოლომდე ვერ გახსნეს და ჭეშმარიტება ვერ დაადგინეს იმის შესახებ, ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა. ყველამ ერთად ვიხილეთ, რომ კომისიამ სამი თვის თავზე ჭეშმარიტება ვერ დაადგინა, რაც იმის ეჭვს აჩენს, რომ რასაც  ამბობდა, გამოძიება, შსს და მთავარი პროკურატურა მართალი იყო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მისი თქმით, პასუხი ყველაფერს ნათლად გაეცა და ზედმეტია საუბარი  ვინმეს პოლიტიკურ თუ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე.

„საუბარია იმაზე, რომ ობიექტური დაბრკოლებები არსებობდა, რაც ჭეშმარიტების დადგენას ხელს უშლიდა. ყველაფერს პასუხი ნათლად გაეცა. საუბარი ვინმეს პოლიტიკურ და მით უმეტეს, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ზედმეტი და სუბიექტური, პოლიტიკური ინტერესებიდან გაკეთებული ჩანაწერებია“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე სააპელაციო სასამართლოშია, სადაც სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე სასამართლო ხელისუფლებას დამატებით  აქვთ საშუალება, მეტი გარემოება დაადგინონ და კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე იმსჯელონ.

„ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, საბოლოო ჯამში ეს სასამართლოს პრეროგატივაა. დაველოდოთ მეორე და მესამე ინსტანციას, რის საფუძველზეც უნდა გამოვიტანოთ საბოლოო დასკვნები, დადგინდეს ვის რა წვლილი მიუძღვის ამ ფატალურ ინციდენტში. ინტერესი საქმის გახსნაა“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

მისივე შეფასებით, სამთვიანი მუშაობის განმავლობაში, კომისიამ ვერ დაადგინა იმაზე მეტი, რაც საგამოძიებო ორგანოებმა დაადგინეს.

ასევე, კობახიძის თქმით, ობიექტურია განცდა, რომ გარკვეული ობიექტური გარემოებები საქმის გახსნას ხელს უშლის.

„მაგალითად, არსებობს გარემოება, რომ კონკრეტული მოწმეები ჩვენებებს არ იძლევიან. როცა არასრულწლოვანები დააკავეს, კომისიის წარმომადგენლები შესაბამის დაწესებულებაში გამოკითხვის ჩასატარებლად წავიდნენ და მათ დუმილის უფლება გამოიყენეს. ასეთ პირობებში, ობიექტური გარემოებები საქმის სათანადოდ გახსნის შესაძლებლობას არ იძლევა. ეს არის საერთო სურათი, რაც თავისი თვალით კომისიამ ნახა. ოპოზიციის დასკვნა ამას გვერდს უვლის. ჩვენი პოზიცია დადგენილების პროექტში იქნება ასახული“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.