ირაკლი კობახიძე - „საერთო სასამართლოების შესახებ“ პროექტში სამივე ფუნდამენტური რეკომენდაცია არის ასახული
ირაკლი კობახიძე - „საერთო სასამართლოების შესახებ“ პროექტში სამივე ფუნდამენტური რეკომენდაცია არის ასახული

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ პროექტში სამივე ფუნდამენტური რეკომენდაცია არის ასახული.

„სამივე რეკომენდაცია თავისი შინაარსით არსებითი იყო, სამივე რეკომენდაცია ასახულია იმ კანონპროექტში, რომელიც დღეს მეორე მოსმენით მივიღეთ.

არსებითად, ზუსტად სტრუქტურა იცვლება მოსამართლების შერჩევის პროცედურის. დასაბუთების ნაწილში არსებითი ცვლილებები გვაქვს. დასაბუთდება არა მხოლოდ გადაწყვეტილებები, არამედ თითოეული ქულა, რომელიც დაეწერება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მხრიდან. ასევე, გასაჩივრების წესია თვისობრივად შეცვლილი. აღვნიშნავ, რომ გასაჩივრება უკვე აჩერებს წარდგენის პროცედურას და ამ პროცესის თითოეულ ეტაპს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ასევე, გვაქვს ღიაობის კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილება. კენჭისყრა არის ღია, გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაცია სრულად ექნებათ, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრებს, ასევე აპლიკანტს, რომელსაც გადაწყვეტილების გასაჩივრება უნდა. ანუ, სახელებით და გვარებით თითოეული გადაწყვეტილება იქნება ხელმისაწვდომი არა მხოლოდ იუსტიციის საბჭოს წევრისთვის, ასევე აპლიკანტებისთვის. სამივე ფუნდამენტური რეკომენდაცია არის ასახული პროექტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, მოითხოვონ ვენეციის კომისიის მოსაზრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში ცვლილებების შეტანის თაობაზე.