ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს
ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის რიგით 140-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას, ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოჰაში ვიზიტის პირველი დღის განმავლობაში ირაკლი კობახიძემ შეხვედრები საო ტომე და პრინციპეს ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე დელფის დას ნევესთან, ჯიბუტის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუჰამედ ალი ჰოუმედთან და ვიეტნამის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნგუიენ ტი კიმ ნგანთან გამართა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღესვე მალდივების სახალხო მეჯლისის ვიცე-სპიკერ მუსა მანიკუსს შეხვდა.

შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა იყო.

საუბარი ასევე შეეხო ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის დაწყების შესაძლებლობას.

„ქართულმა მხარემ პარლამენტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების საკითხი დააყენა, რაც სამომავლო თანამშრომლობისთვის სამართლებრივ ჩარჩოს შექმნის. ასევე, იმსჯელეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შექმნის საკითხზე“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.