ირაკლი კობახიძე - საერთაშორისო პარტნიორები ხშირად საუბრობენ ორმხრივ პოლარიზაციაზე, დღეს ყველა ხედავს, რომ პოლარიზაციის მცდელობას ჰყავს მხოლოდ ერთი მხარე, რადიკალური ოპოზიცია
ირაკლი კობახიძე - საერთაშორისო პარტნიორები ხშირად საუბრობენ ორმხრივ პოლარიზაციაზე, დღეს ყველა ხედავს, რომ პოლარიზაციის მცდელობას ჰყავს მხოლოდ ერთი მხარე, რადიკალური ოპოზიცია

საერთაშორისო პარტნიორები ხშირად საუბრობენ ორმხრივ პოლარიზაციაზე, დღეს ყველა ხედავს, რომ პოლარიზაციის მცდელობას ჰყავს მხოლოდ ერთი მხარე, რადიკალური ოპოზიცია, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანა დატოვოს საზოგადოებისთვის მომაბეზრებელი პოლიტიკური კინკლაობისა და ქაოსის იმიტაციის დღის წესრიგში.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ხშირად საუბრობენ პოლარიზაციაზე, როგორც ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მთავარ პრობლემაზე. საუბარი არის ორმხრივ პოლარიზაციაზე, მაშინ, როდესაც, რეალურად, პოლარიზაციის წყარო ყოველთვის რადიკალები არიან, „ქართულ ოცნებას“ კი, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკურ ძალას, ყოველთვის მოპასუხის როლში უწევს ხოლმე ყოფნა. დღეს ყველა ხედავს, რომ პოლარიზაციის მცდელობას ჰყავს მხოლოდ ერთი მხარე – ეს არის რადიკალური ოპოზიცია. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, ყველაფერს დაარქვან თავისი სახელი, რაც რადიკალების უსუსურ მცდელობას, არიონ ქვეყანა, კიდევ უფრო სწრაფად დაუსვამს საბოლოო წერტილს.

დღეს, როდესაც არჩევნები დასრულდა და 2024 წლამდე არავითარი არჩევნები აღარ იქნება, ქვეყანას სჭირდება დღის წესრიგის შეცვლა. ახალი დღის წესრიგი უნდა იყოს ეკონომიკური განვითარების, ადამიანების დასაქმების, უკეთესი სოციალური დაცვის, უკეთესი განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების, ქვეყნის გაძლიერებული საგარეო პოზიციების დღის წესრიგი. ამ ფონზე, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანა დატოვოს საზოგადოებისთვის მომაბეზრებელი პოლიტიკური კინკლაობისა და ქაოსის იმიტაციის დღის წესრიგში, რასაც ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ. საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი რადიკალების კუთვნილი მედიასაშუალებების სტრატეგია – ისინი პერიოდულად ხელოვნურად ქმნიან გარკვეულ თემებსა და კლიშეებს და ცდილობენ, საზოგადოება ამ თემებისა და კლიშეების გავლენის ქვეშ აცხოვრონ. ამგვარი თემა და კლიშე თავის დროზე იყო „უნიათო ხელისუფლება“, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ მოხსნეს დღის წესრიგიდან, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლებაზე სამჯერ მეტი გზა დააგო, სამჯერ მეტი გაზი გაიყვანა, სამჯერ მეტი ბაღი და სკოლა ააშენა, სამჯერ მეტ ადამიანს გაუწია ჯანდაცვის მომსახურება და ა.შ. ასეთივე თემა იყო ქვეყანაში „კრიმინალის თარეში“, ვიდრე არ გაირკვა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მაგალითად, მკვლელობის მაჩვენებელი ორჯერ შემცირდა“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.