ირაკლი კობახიძე - სადაც არის მელია, იქ არის პროვოკაცია, მოვუწოდებთ ყველას, როგორც პროვოკატორებს, ასევე ჩვენს მხარდამჭერებს, სიმშვიდე არის ერთადერთი, რაც ახლა ჩვენ გვჭირდება
სადაც არის მელია, იქ არის პროვოკაცია, მოვუწოდებთ ყველას, როგორც პროვოკატორებს, ასევე ჩვენს მხარდამჭერებს, სიმშვიდე არის ერთადერთი, რაც ახლა ჩვენ გვჭირდება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვაზისუბანში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას.
კობახიძის თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ მოხდა ასეთი პროვოკაცია.
„საჭიროა გამარჯვების ბოლომდე მიყვანა. ამისთვის თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, საჭიროა სიმშვიდე საარჩევნო უბნებზე. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, რაც ვიხილეთ მათ შორის რამდენიმე წუთის წინ. მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ თავი შეიკავონ რეაგირებისგან, არაჯანსაღი რეაგირებისგან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პროვოკატორებს არ უნდა მივცეთ საკუთარი განზრახვის სისრულეში მოყვანის საშუალება და ასევე ყველას მოვუწოდებთ, რომ საარჩევნო კომისიებს მისცენ მშვიდად მუშაობის საშუალება, საკუთარი სამუშაოს მშვიდად ბოლომდე მიყვანის საშუალება.
ძალიან სამწუხაროა, რომ მოხდა ასეთი პროვოკაცია და ჩვენ ვიცით, სადაც არის მელია, იქ არის პროვოკაცია. ეს არ ხდება პირველად, მეორედ, მეცხრედ და მეათედ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვისაც არ მოგეწონათ ამის მოსმენა, სადაც არის ნიკანორ მელია, იქ არის პროვოკაცია და ეს არ მოხდა მეშვიდედ, მერვედ და მეათედ. ეს მოხდა მეოცედ, მე მგონი, ჩვენი უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში. სადაც არის მელია, იქ არის პროვოკაცია და ეს არის სამწუხარო, თუმცა ასეთი ტიპის რეაგირებაც არის სამწუხარო. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველას, როგორც პროვოკატორებს, მაგალითად მელიას, რომ თავი შეიკავონ ასეთი პროვოკაციებისგან, ასევე ყველას მოვუწოდებთ, მათ შორის ჩვენს მხარდამჭერებს, რომ არ აყვნენ ასეთ პროვოკაციებს და არ მოახდინონ არაჯანსაღი რეაგირება ასეთ პროვოკაციებზე.
სიმშვიდე არის ერთადერთი, რაც ახლა ჩვენ გვჭირდება. ვიგებთ 20-ვე მუნიციპალიტეტს. დანარჩენი არის საჭირო სიმშვიდე. საჭიროა, რომ კომისიებმა ბოლომდე მიიყვანონ სამუშაო დაითვალონ ხმები და დააფიქსირონ ის შედეგი რომელიც არის უკვე საარჩევნო ოლქებში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისში, ვაზისუბნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ დეპუტატები იმყოფებიან, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.