ირაკლი კობახიძე - საარჩევნო სიების აქტივობის აღრიცხვისთვის გამოყენება დასაშვებია და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს
საარჩევნო სიების აქტივობის აღრიცხვისთვის გამოყენება დასაშვებია და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სიებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, კოორდინატორებს შეუძლიათ, მოახდინონ იმ ამომრჩევლების აღრიცხვა, რომლებიც, მათივე ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ და შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს უჭერენ მხარს. „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ კი აღნიშნა, რომ ვერ დაეთანხმება მამუკა მდინარაძეს ამ სიების მოგროვების საკითხზე, თითქოს ეს უკანონო არ არის.
„მამუკა მდინარაძე საუბრობდა საარჩევნო სიებზე, რომელიც არის ხელმისაწვდომი ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის. ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს და არა მხოლოდ პოლიტიკურ სუბიექტს შეუძლია, გამოითხოვოს ეს სიები. იგი ყველასთვის ხელმისაწვდომია და კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო სტანდარტებით, მისი გამოყენება აქტივობის აღრიცხვისა და ასევე საკუთარი ასე ვთქვათ, ელექტორატის აღრიცხვისთვის დასაშვებია. ეს არ არის უკანონო და იგი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. ამაზე საუბრობდა მამუკა მდინარაძე, მიხეილ ბენიძე საუბრობდა აბსოლუტურად სხვა რამეზე. იგი საუბრობდა იმ ინფორმაციებზე, რომელიც თავად გაავრცელეს, საქმე ეხებოდა ადმინისტრაციული რესურსის თითქოსდა გამოყენებას, იქაც, ისევე როგორც ID ბარათების შემთხვევაში ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა მაშინ კონკრეტულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ. ანუ ერთ რამეზე საუბრობდა მამუკა მდინარაძე და მეორე რამეზე საუბრობდა მიხეილ ბენიძე. იმედია, რომ მიხეილ ბენიძეს მხოლოდ შეცდომა მოუვიდა და ეს იყო მიზეზი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.