ირაკლი კობახიძე - საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობა გრძელდება, პროცესი რეალურად არც შეწყვეტილა
ირაკლი კობახიძე - საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობა გრძელდება, პროცესი რეალურად არც შეწყვეტილა

საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობა გრძელდება, პროცესი რეალურად არც შეწყვეტილა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

მისი თქმით, სექტემბერში უკვე დაიწყება კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა, რომელიც 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

„ამის თაობაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ ბოლო შეხვედრის დასრულების დროსაც. ითქვა, რომ შედგებოდა შეხვედრები. სექტემბერში უკვე დაიწყება კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა, რომელიც ითვალისწინებს 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. შესაბამისად, სექტემბერიც და ოქტომბერიც ამ კუთხით ძალიან დატვირთული იქნება. შედგება სხვადასხვა სამუშაო ფორმატის შეხვედრა, სადაც განვიხილავთ როგორც კონსტიტუციურ კანონპროექტს, ასევე სხვა საარჩევნო ცვლილებებს. არის არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გათვალისწინებული, იმ პროექტით, რომელიც ჩვენ მიერ იყო წარდგენილი დისკუსიების დროს, მათ შორის საქმე ეხება, საარჩევნო სისტემებს, ასევე აჭარის დონეზე არის დაგეგმილი პროპორციული სისტემის შემოღება უკვე 2020 წლისთვის, ასევე ძალიან კარგი დაფინანსების სისტემა შევთავაზეთ პოლიტიკურ პარტიებს. საუბარია საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებაზე, უფასო საეთერო დროის სწორად განაწილებაზე და ეს ყველაფერი არის შემდგომი განხილვის საგანი. გვექნება მსჯელობა ყველაფერზე, მათ შორის იმ საკითხებზე, რომლებზეც საუბარი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში, კერძოდ, სიძულვილის ენის საკითხებსა და სხვა საკითხების მოწესრიგებაზე.

განხილვების ფორმატი იქნება რაციონალური. ჩვენთვის მთავარია, ფართო კონსენსუსით დავასრულოთ დისკუსია ყველა საკითხთან დაკავშირებით. გვექნება კონსულტაციები ფორმატთან დაკავშირებითაც. მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პარტიებთან და ამის საფუძველზე ჩამოვაყალიბებთ ფორმატს, რომელიც მოგვცემს დისკუსიის საუკეთესო საშუალებას და ფართო კონსენსუსის მიღწევის საშუალებას. ეს არის მთავარი მიზანი. მზად ვართ, რაციონალურად ავწონოთ ყველა არგუმენტი, რომელსაც სხვადასხვა სუბიექტის მხრიდან მოვისმენთ და თუ დავრწმუნდებით ამ არგუმენტების სიმყარეში, ბუნებრივია, ჩვენს პოზიციებს გადავხედავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 5 და 6 აგვისტოს გაიმართა საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც განიხილებოდა მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ინიციატივები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ.

დატოვე კომენტარი