ირაკლი კობახიძე - საარჩევნო გარემოს აზიანებს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ჭაკუას პარტია, კვლავ პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ნაწილია
ირაკლი კობახიძე - საარჩევნო გარემოს აზიანებს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ჭაკუას პარტია, კვლავ პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ნაწილია

პასუხი მარტივია – კრიმინალებს იმიტომ ვუწოდებთ, რომ კრიმინალები არიან. რაც შეეხება სასამართლოსადმი მიმართვას, ბუნებრივია, ასეთი მიმართვა წარუმატებლობისთვის განწირულია,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც „ოპოზიციური პარტიების კრიმინალურ ოპოზიციად მოხსენიება მათი ამომრჩევლების შეურაცხყოფაა და შესაძლოა, ამ საკითხზე სასამართლოს მიმართონ“.

კობახიძის თქმით, საუბარია ფაქტობრივ გარემოებაზე და არა ბრალდებაზე.

„ჩვენ შეგვეძლო, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიგვემართა. შეიძლება, ეს არ იყოს ცუდი იდეა. ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო ძალიან მარტივად დაადგენდა, რომ „ნაცმოძრაობა“ არის კრიმინალური ოპოზიციური ძალა, რომელსაც აქვს ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური მიზნები. ჩვენ ასეთ სარჩელზე ვიფიქრებთ. საარჩევნო გარემოს ის აზიანებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“,  ჭაკუას პარტია, კვლავ არის ამ პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ნაწილი.

ამის მიუხედავად, ჩვენი მოტივაციაა, რომ საზოგადოებას ვესაუბროთ არა ოპოზიციაზე, არამედ იმაზე, თუ რას ვთავაზობთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენი საარჩევნო კამპანია ამაზე იქნება აგებული. ისინი არიან ჭაკუები, ეს არის ჭაკუების რეჟიმი, ისინი არიან რურუების რეჟიმის წარმამადგენლები. შესაბამისად, ისინი არიან კრიმინალები. ეს არის ფაქტობრივი გარემოება და არა ბრალდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ბოლო დროს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის, განსაკუთრებით კი საპარლამენტო ლიდერების მხრიდან, ოპოზიციის მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ესმის.

გოცირიძის თქმით, ოპოზიციური პარტიების კრიმინალურ ოპოზიციად მოხსენიება, საქართველოს მილიონამდე მოქალაქის, მათი ამომრჩევლების შეურაცხყოფაა.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ შეგნებულად უწყობს ხელს ვითარების დაძაბვას და არ გამორიცხავს, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოსაც მიმართონ.