ირაკლი კობახიძე - სააკაშვილს სასჯელი შეფარდებული აქვს ორ საქმეზე, რომლებიც საზოგადოების თვალწინ ჩაიდინა, პიარული ნაბიჯებით ამ ყველაფრის გადაფარვა შეუძლებელია
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილს სასჯელი შეფარდებული აქვს ორ საქმეზე, რომლებიც საზოგადოების თვალწინ ჩაიდინა, პიარული ნაბიჯებით ამ ყველაფრის გადაფარვა შეუძლებელია

მიხეილ სააკაშვილს სასჯელი შეფარდებული აქვს ორ საქმეზე, ორივე დანაშაული ჩადენილი იქნა საზოგადოების თვალწინ, ეს იყო დეპუტატ ვალერი გელაშვილის წამება და გირგვლიანის საქმეზე მკვლელების შეწყალება, ამ ყველაფრის გადაფარვა რაღაც პიარული ნაბიჯებით შეუძლებელია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველა სასჯელი ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს და ასევე კონკრეტულ საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება, რაზეც საზოგადოებას აქვს სრული ინფორმაცია.

„რაც შეეხება სამედიცინო ნაწილს, სააკაშვილის 600-დღიან ფარსს, მისი 600-ჯერ გარდაცვალების შესახებ დადასტურდა, რომ ეს არის ფარსი და არავითარ სასწაულთან არ გვქონდა საქმე. რაც შეეხება ბრალდებებს და სასჯელებს, რომელიც მას აქვს შეფარდებული – ორ საქმეზე აქვს სასჯელი შეფარდებული, ორივე დანაშაული ჩადენილი იქნა საზოგადოების თვალწინ, ეს იყო დეპუტატ ვალერი გელაშვილის წამება და გირგვლიანის საქმეზე მკვლელების შეწყალება. ორივე დანაშაულის შესახებ საზოგადოება არის ინფორმირებული. არის კიდევ ორი თუ სამი საქმე, რაზეც არის საქმე აღძრული და აქაც იცის ყველამ, რასთან გვაქვს საქმე, ის უკანონოდ შემოვიდა საქართველოში; მან ჯერ უკანონოდ დაარბია შეკრება 7 ნოემბერს სასტიკი მეთოდებით, შემდეგ მიიტაცა ტელეკომპანია „იმედი“, ამაზეც ყველას აქვს ინფორმაცია. ამ ყველაფრის გადაფარვა რაღაც პიარული ნაბიჯებით არის შეუძლებელი, დეტალებში არც მინდა, შევიდე“, – განაცხადა კობახიძემ.