ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმე იყო 2004-2012 წლებშიც, არ შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს ჯანსაღი მდგომარეობა და ასეულობით ადამიანს იწირავდეს ციხეებში თუ ციხეებს გარეთ
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმე იყო 2004-2012 წლებშიც, არ შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს ჯანსაღი მდგომარეობა და ასეულობით ადამიანს იწირავდეს ციხეებში თუ ციხეებს გარეთ

მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობის „დამსახურება“ იყო ის უბედური შედეგები, რაც მან მოუტანა საკუთარ ქვეყანასა და ხალხს 2004-2012 წლებში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო ფეიკკამპანია, თითქოს სააკაშვილს ნელი სიკვდილით კლავდნენ, ამას სჭირდებოდა პასუხი და მოუწია იუსტიციის სამინისტროს პასუხის გაცემა.

„ჯერ იყო ფეიკამპანია ე.წ. წამებასთან დაკავშირებით, მაშინ იუსტიციის სამინისტროს მოუწია კადრების გამოქვეყნება, მაშინაც იყო ეს არაერთგვაროვანი გამოხმაურებები, მაგრამ მაშინ რეალურად იყო ცალმხრივი ფეიკკამპანია და კადრებმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომელიც ე.წ. წამებას უკავშირდებოდა. მეორე იყო ფეიკკამპანია შიმშილობასთან დაკავშირებით. მაშინაც იყო ცალმხრივი კამპანია ფეიკზე აგებული, მაშინაც მოუწია იუსტიციის სამინისტროს კადრების გამოქვეყნება, სადაც ჩანდა, რომ სინამდვილეში სააკაშვილი არ შიმშილობდა. მერე წამოვიდა მესამე ფეიკკამპანია, რაც უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილის ნელ სიკვდილს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე აანონსებს, ამასაც სჭირდებოდა პასუხი და აქაც მოუწია იუსტიციის სამინისტროს პასუხის გაცემა. სამართლებრივად ყველაფერი არის სათანადოდ წელში გამართული.

მეორე, რაც შეეხება პატიმარ სააკაშვილს, მასზე საუბარს დღესაც არ ვაპირებ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვინ იყო არა პატიმარი, არამედ ხელისუფალი სააკაშვილი. ეს იყო ადამიანი, რომელმაც რუსეთის მესამე პრეზიდენტს ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი, რომელმაც რამდენიმე ასეული ადამიანი შეიწირა მარტო ციხეებში და ბევრად მეტი ციხეებს გარეთ, რომელიც ატერორებდა ბიზნესებს, აყაჩაღებდა ადამიანებს, ეს არის რეალობა, ეს არის საერთო სურათი. დანარჩენი არის უწყებების, სამართლებრივი პრინციპების საქმე და ადამიანის უფლებების საქმე, რაც საქართველოში 2012 წლის შემდეგ არის სათანადოდ დაცული.

მილიონი განცხადება გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ, თუმცა გრძელდებოდა მაინც ფეიკკამპანია, რომ 400 დღე კვდება ეს კაცი. შეგახსენებთ, რომ პირველ ოქტომბერს შევიდა ციხეში მიხეილ სააკაშვილი თავის ფეხით და მაშინვე დაიწყო შიმშილობა, მაშინ „ნაცმოძრაობა“, „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობა მას პირდაპირ მოუწოდებდა თვითდაზიანებისკენ. ამ ადამიანებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა გარკვეულ ქმედებებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საერთო სურათი ნახა საზოგადოება და თავად განსჯის, იქ იყო თუ არა სიმულაცია, როგორია ფიზიკური მდგომარეობა.

„მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმე იყო 2004-2012 წლებშიც და, სამწუხაროდ, მისი ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა აისახა საქართველოს მოსახლეობაზე. არ შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს ჯანსაღი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ის ასეულობით ადამიანს იწირავდეს ციხეებში თუ ციხეებს გარეთ. არ შეიძლება, 2008 წელს რაც გააკეთა, იმას აკეთებდეს და ა.შ. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის „დამსახურება“ იყო ის უბედური შედეგები, რაც მან მოუტანა საკუთარ ქვეყანასა და ხალხს 2004-2012 წლებში“, – განაცხადა კობახიძემ.