ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის დაკავების სპეცოპერაციის წარმატების ერთ-ერთი საფუძველი გახდა ის, რომ სათანადოდ იყო დაცული კონფიდენციალობა
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის დაკავების სპეცოპერაციის წარმატების ერთ-ერთი საფუძველი გახდა ის, რომ სათანადოდ იყო დაცული კონფიდენციალობა

სააკაშვილთან დაკავშირებით, ყველა პროცედურა წარიმართება სამართლებრივი წესების შესაბამისად, ჩვენ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ, – განაცხადა მედიასთან თემის კომენტირებისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, რომ სპეცოპერაციას აქვს თავისი წესები.

„იმისათვის, რომ სპეცოპერაციამ მიაღწიოს თავის მიზანს, კონფიდენციალობა უნდა იყოს დაცული მაღალი ხარისხით, ეს არის მარტივი წესები, რაც აქვს სპეცოპერაციას, იყო დაცული და ამ სპეცოპერაციის წარმატების ერთ-ერთი საფუძველი გახდა სწორედ ის, რომ სათანადოდ იყო დაცული ეს კონფიდენციალობა.

სამართლებრივად როგორც არის საჭირო, ისე წარიმართება ყველაფერი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სპეცოპერაციას რაც შეეხება, ეს არის თავიდან ბოლომდე სამართალდამცველების საქმე და ის, რომ წარმატებით წარიმართა სპეცოპერაცია, მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფერი სათანადოდ იყო დაგეგმილი.

მიხეილ სააკაშვილს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი ხვდება ციხეში, ეს თავისთავად, არის მძიმე მოვლენა, მაგრამ ერთი რამ უნდა აღინიშნოს, მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეს ქვეყანა 18 წელია, არ დაასვენა. ჯერ ცხრა წელი, როდესაც იყო ხელისუფლებაში და თქვენ გახსოვთ მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, მისი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები, შემდეგ ცხრა წელი ოპოზიციაში მან ქვეყანა არ დაასვენა და ახლაც იგივეთი ემუქრებოდა ქვეყანას. ის ჩამოდიოდა საქართველოში იმისათვის, რომ შეესრულებინა თავისი მუქარა ხელისუფლების გადატრიალებასა და ქვეყნის არევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღეს ყველა ზომა, რომ მისი ახალი დანაშაული აღეკვეთათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.