ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის ადვოკატებს და სახალხო დამცველს აქვთ პოლიტიკური ინტერესი, მათი განცხადებები ბუნებრივია
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის ადვოკატებს და სახალხო დამცველს აქვთ პოლიტიკური ინტერესი, მათი განცხადებები ბუნებრივია

ჩვენი მიდგომა მარტივია – ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, რასაც მიეჩვია ქართული საზოგადოება, მათ შორის მიეჩვივნენ პატიმრები 2012 წლიდან, ეს არის ჩვენი მარტივი სტანდარტი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ამასთან, კობახიძის თქმით, როდესაც ადამიანი იღებს შიმშილობის გადაწყვეტილებას, ეს არის მთლიანად მისი პასუხისმგებლობა.

„თუნდაც ნაწილობრივ თუ შიმშილობს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მოსალოდნელია გარკვეული უარყოფითი ტენდენცია, მაგრამ იცით, რომ გუშინ გადასხმა გაკეთდა, არის გარკვეული საკვების მიღების პრეცედენტები და ა.შ. მაგრამ ამას ყველა უნდა დააკვირდეს და რაღაც კლოუნადის დადგმის საშუალება არავის არ უნდა მივცეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და ეს არის მისი პაუხისმგებლობა.

„ჩვენი პასუხისმგებლობა არის მოპყრობა ადამიანის უფლებათა სტანდარტის შესაბამისად და ზუსტად ამას გააკეთებს სახელმწიფო“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სააკაშვლის ადვოკატებსა და სახალხო დამცველსაც აქვთ პოლიტიკური ინტერესი.

„რაც შეეხება ადვოკატებს, ისინი, რა თქმა უნდა, არიან მიკერძოებულები და მათ აქვთ პოლიტიკური ინტერესი, იგივე ეხება სახალხო დამცველს, რა თქმა უნდა, მასაც აქვს პოლიტიკური მიკერძოება და პოლიტიკური ინტერესი, აქედან გამომდინარე მათი განცხადებები არის ბუნებრივი, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობა არის, რომ ყველაფერს უნდა გავუწიოთ ანგარიში და პირველ რიგში ვიმოქმედოთ ადამიანის უფლებების სტანდარტის შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, „ხომ არ ფიქრობთ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით ოპოზიცია სპეკულირებს, ან რა შეგიძლიათ თქვათ ლიკვიდაციის შესახებ განცხადებაზე“, – კობახიძის განმარტებით, ეს ყველაფერი არჩევნებთნ არის დაკავშირებული.

„სამწუხაროდ, უნდა მოვითმინოთ ეს კლოუნადა 30 ოქტომბრის ჩათვლით. იქნება ბევრი სპეკულაცია, იქნება გავრცელებული ცრუ ინფორმაციები, რა ვქნათ, ეს რამდენიმე დღე უნდა გავიჭირვოთ და ამ ყველაფერს უნდა ვუსმინოთ. 30 ოქტომბრის შემდეგ ეს თემა საერთოდ არ უნდა იყოს დღის წესრიგში, ეს არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის აპარატმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ N18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს გარკვეული რისკი უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გამოიკვლიეს, რამდენად შეიძლება N18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილისთვის იმ სამედიცინო მომსახურების შეთავაზება, რაც ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის 23 ოქტომბრის დასკვნით არის განსაზღვრული.

სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უნდა შეარჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მიხეილ სააკაშვილისთვის.