ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი გინდა პირველი ნომერი იყოს, გინდა მეათე, გინდა საერთოდ არ იყოს, საარჩევნო კუთხით არ შეცვლის ვითარებას, რადგან საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა კარგად დაინახა ყველაფერი
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი გინდა პირველი ნომერი იყოს, გინდა მეათე, გინდა საერთოდ არ იყოს, საარჩევნო კუთხით არ შეცვლის ვითარებას, რადგან საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა კარგად დაინახა ყველაფერი

კონსტიტუციის თანახმად, პატიმარი და საქართველოს არამოქალაქე ვერ იქნება საარჩევნო სიაში წარმოდგენილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაყენებას შეეხებოდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 20 პროცენტზე ქვემოთ არის ჩამოსული.

„გინდა პირველი ნომერი იყოს, გინდა მეათე, გინდა საერთოდ არ იყოს, არსებითად ეს, რა თქმა უნდა, არ შეცვლის ვითარებას სარჩევნო კუთხით, გამომდინარე იქედან, რომ, მე მგონი, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ძალიან კარგად დაინახა ყველაფერი მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“. დღეს რომ 20%-ს ქვემოთ არის ჩამოსული „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი რადიკალური ცვლილებები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.