ირაკლი კობახიძე - „რუსთავი 2“ რუსული არხების სტილის ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას აწარმოებს
ირაკლი კობახიძე - „რუსთავი 2“ რუსული არხების სტილის ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას აწარმოებს

„რუსთავი 2“ რუსული არხების სტილის ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას აწარმოებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,  რომელზეც წინასაარჩევნო პროცესები შეაფასა.

კობახიძის თქმით, ტოტალური პროპაგანდა, რომელსაც „აწარმოებს პარტიული ტელევიზია ცალკე უნდა გამოიყოს“.

„ცალკე მინდა გამოვყო, რომ პარტიულ ტელევიზიას, „რუსთავი 2“-ს აქვს სინამდვილის დამახინჯების, მოქალაქეებზე ზეწოლისა და მაყურებლის მძევლად აყვანის ერთგვარი მცდელობა. „რუსთავი 2“ აწარმოებს რუსული სტილის, ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას, რომელიც ზუსტად შეესატყვისება პროპაგანდისტული სტილის, რუსული არხების საუკეთესო პრაქტიკას – რა თქმა უნდა, ბრჭყალებში „საუკეთესოს“. ჩვენ ვაწარმოებთ მედიამონიტორინგს. საუბარია კონკრეტულ მონაცემებზე, როგორც თვისობრივ, ისე რაოდენობრივ კვლევაზე. ბუნებრივია, ამ მონიტორინგის შედეგებს მივაწვდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მედიამონიტორინგის ეს შედეგები, თვისობრივი და რაოდენობრივი, ადასტურებს, რომ წარმოებს სწორედ ე.წ. ტვინის გამორეცხვის კამპანია. ეს გვახსოვს 2016 წლიდან, 2017 წლიდან, თუმცა ვხედავდით ასევე იმასაც, რომ ეს ტვინის გამორეცხვა ყოველთვის იყო განწირული წარუმატებლობისთვის და ამას აქვს თავისი მიზეზი, რადგან ვერანაირი ტვინის გამორეცხვა სიმართლეს ვერ დაფარავს.

აქამდე „რუსთავი 2“ თუ იყო „ნაციონალური მოძრაობის“, ანუ პარტიის დანამატი, ახლა რეალურად ტელევიზიამ სრულად შეითავსა პოლიტიკური პარტიის როლი და ფუნქცია. ეს არის დღევანდელი რეალობა. მე შეგახსენებთ ორ ძირითად საქმეს, რომელზეც არსებითად იყო აგებული ტვინის გამორეცხვა – ერთი იყო „ომეგას“ საქმე, პირველი სპექტაკლი, რომელიც შემოგვთავაზა „რუსთავი 2“-მა. დადასტურდა სხვადასხვა მონაცემებით, მათ შორის ექსპერტიზის მონაცემებით, რომ ეს სპექტაკლი ძალიან მალევე ჩავარდა, როგორც კი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სიმართლე და გაირკვა, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს არ სურდა მილიონობით ლარის გადახდა ბიუჯეტში. ეს არის ხალხის ფული, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გადახდილი და მან აქ მეკავშირედ გაიხადა „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიული ტელევიზია „რუსთავი 2“. გამომდინარე იქიდან, რომ სიმართლე ყველასთვის გახდა ცხადი, ეს სპექტაკლი ჩავარდა და დაიწყო მეორე სპექტაკლი და იმასაც ისევე გაეცემა პასუხი, როგორც გაეცა პასუხი პირველი სპექტაკლის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ტვინის გარეცხვას არ აქვს ის ეფექტი, რომელსაც ცდილობენ მისი ავტორები.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. დღეს არის ის რეალობა, როდესაც აღიკვეთა ის დანაშაულები, რომელსაც ჩადიოდა ხელისუფლება წლების განმავლობაში, ცხრა წლის განმავლობაში. ეს დანაშაული იყო წამება, გაუპატიურება, ზეწოლა, ეს დანაშაული იყო რეკეტი, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდა და ჩვენ ეს ძალადობრივი სისტემა და რეჟიმი ჩავაბარეთ წარსულს და გამოვირჩევით ზუსტად იმით, რომ დღეისთვის ეს პრაქტიკა არის აღკვეთილი. დასტურდება ბუნებრივია საზოგადოების განწყობა. ეს რეალობა იყო 2012 წლის შემდეგ და ეს რეალობა არის დღეს და ამ რეალობის დამსახურებაა, რომ ტვინის გარეცხვას არ აქვს ის ეფექტი, რომელსაც ცდილობენ მისი ავტორები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“ უარს ამბობს მათ მონაწილეობაზე ტელედებატებში, რადგან ცალმხრივად გაშუქების პირობებში შეუძლიათ რეალობის დამახინჯება.