ირაკლი კობახიძე - რუსეთის პასუხი არ იყო კონსტრუქციული და კორექტული, მით უმეტეს პრემიერის განცხადების ფონზე
ირაკლი კობახიძე - რუსეთის პასუხი არ იყო კონსტრუქციული და კორექტული, მით უმეტეს პრემიერის განცხადების ფონზე

„პრემიერ-მინისტრის განცხადებაში არის ასახული ის კურსი, რომელსაც ადგას ქვეყანა 2012 წლიდან – ეს არის პრაგმატული პოლიტიკის კურსი“, – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას.

ირაკლი კობახიძის თქმით, განცხადებაში ასახულია უმნიშვნელოვანესი პრინციპები – დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა.

„პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი. ამ განცხადებაში არის ასახული ის კურსი, რომელსაც ადგას ქვეყანა 2012 წლიდან – ეს არის პრაგმატული პოლიტიკის კურსი, რომელსაც თან ახლავს ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრინციპები: დეოკუპაცია, არაღიარების პოლიტიკა. ეს პრინციპები დაკავშირებულია ასევე ჩვენს დასავლურ კურსთან და ეს ყველაფერი არის ის, რასაც, ბუნებრივია, ეფუძნებოდა პრემიერ-მინისტრის განცხადება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების მხრიდან საპასუხოდ გაკეთებული განცხადება კონსტრუქციული და კორექტული არ იყო, მით უმეტეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების ფონზე.

„რაც შეეხება რუსულ რეაქციას, ბუნებრივია, ეს ჩვენთვის არ არის მოსაწონი. შეიძლებოდა, ყოფილიყო სხვადასხვა პროგნოზი ამასთან დაკავშირებით. ჩვენ მთავარია, რომ მუდმივად დავაფიქსიროთ ჩვენი მზაობა დიალოგისთვის და ეს სულისკვეთება იყო ჩადებული პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

რა თქმა უნდა, განცხადება არ იყო კონსტრუქციული, არ იყო კორექტული, მით უმეტეს, იმ ფონზე, რა განცხადებაც გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. ჩვენ გვახსოვს სხვადასხვა პასუხი, სხვადასხვა რეაქცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან. დიდი იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ეს მიდგომა რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეიცვლება და რუსეთის ფედერაცია, იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ჩვენს პრაგმატულ მიდგომას ასევე პრაგმატული მიდგომითა და რაციონალური მიდგომით უპასუხებს“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. ​

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას გუშინ უპასუხა. როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვში პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებას ყურადღებით გაეცნენ და კმაყოფილებას გამოხატავენ მიმართვაში გამოთქმულ განწყობებთან დაკავშირებით.