ირაკლი კობახიძე - რუსეთ-საქართველოს ომიდან სამი წლის თავზე სრულად შემოიღეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მაშინ რომ შემოვიდა 500 ათასი კაცი, ის არ იყო საფრთხის შემცველი?
ირაკლი კობახიძე - რუსეთ-საქართველოს ომიდან სამი წლის თავზე სრულად შემოიღეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მაშინ რომ შემოვიდა 500 ათასი კაცი, ის არ იყო საფრთხის შემცველი?

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში რუსი ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით საფრთხე არ არსებობს და ცდილობენ, ხელოვნურად გააღვივონ აგრესია კონკრეტული ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანების მიმართ.

მისივე თქმით, ამას პოლიტიკური სარჩული აქვს. როგორც კობახიძე ამბობს, ქსენოფობიურ კამპანიას ბოლომდე დაუპირისპირდებიან.

„სამჯერ ნაკლები რუსია დღეს, ვიდრე 2019 წელს. ვიღაცები ცდილობენ, რომ ხელოვნურად შექმნან რაღაც განწყობა, მათ შორის აგრესია გააღვივონ კონკრეტული ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანების მიმართ. ეს არის ხელოვნური პროცესი, რასაც აქვს პოლიტიკური სარჩული და ერთადერთი მიზანი – ვერანაირად ვერ მოახერხეს საქართველოს მეორე ფრონტად ქცევა, ეს არის რაღაცნაირად ბოლო ხავსი, რასაც ეჭიდებიან. ამას ვერ დავუშვებთ. ჩვენ ბოლომდე დავუპირისპირდებით ქსენოფობიურ კამპანიას.

ყველამ ძალიან კარგად იცის, იყო ცალკეული პროვოკაციული გამონათქვამები. საიდან მოდიოდა ეს პროვოკაციები, კაცმა არ იცის, რადგან საბოლოო ჯამში, ზუსტად ეს პროვოკაციული განცხადებები რუსეთის მოქალაქეების შესრულებით, გახდა საფუძველი „ნაცმოძრაობისთვის“, რომ წამოიწყო ქსენოფობიური კამპანია. ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის, შოვინიზმის ადგილი საქართველოში არ არის. ჩვენ გვაქვს ჩვენი კულტურა. ამ კულტურას, რასაც ვუფრთხილდებოდით საუკუნეების განმავლობაში, მომავალშიც უნდა გავუფრთხილდეთ. თუ იქნება კანონდარღვევა, პროვოკაციები, რა თქმა უნდა, ამაზე შესაბამისი რეაგირება იქნება, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში, ვერც ერთი კონკრეტული პროვოკაცია ვერ გახდება ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიის აგორების საფუძველი. თუ ვინმეს რუსეთის მოქალაქის და რუსი ეროვნების ადამიანების მიმართ აბსტრაქტულად აქვს ნეგატიური განწყობა, ეს არის ზუსტად ქსენოფობიისა და შოვინიზმის კლასიკური გაგება. რაც ხდებოდა 40-იანი წლების გერმანიაში, რომ ებრაელებს ვერ იტანდნენ – ებრაელი რომ იყო, უკვე არ უყვარდათ, ეზიზღებოდათ, აბსოლუტურად იგივეა. როდესაც 142 მილიონ ადამიანს აცხადებ ცუდად, რა თქმა უნდა, ეს არის გოიმობა“, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტებმა კობახიძეს კითხვა დაუსვეს რუბლით ვაჭრობასთან დაკავშირებითაც.

„სად ნახეთ რუბლით ვაჭრობა. საქართველოში კანონით არის აკრძალული ნებისმიერი ვალუტის გამოყენება რუბლით დაწყებული და სხვა ვალუტებით გაგრძელებული. როგორც კი ასეთი შემთხვევა იქნება, კანონის საფუძველზე მაშინვე რეაგირება მოჰყვება. როგორც კი დადგინდება, ნებისმიერი ფაქტი მიიტანეთ შესაბამის უწყებაში და წამიერი რეაგირება იქნება. დღევანდელი მდგომარეობით, 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში არის 110 ათასამდე რუსეთის მოქალაქე, ამ ეტაპზე ვინც იმყოფება, საიდანაც 90 პროცენტი რამდენიმე დღითაა შემოსული, ტურისტული ან სხვა მიზნებისთვის. სამჯერ მეტი იყო 2019 წელს. 2012 წელს საქართველოში ნახევარი მილიონი შემოვიდა, იმის წინა წელსაც იგივე იყო. რუსეთ-საქართველოს ომიდან ორი წლის თავზე ნაწილობრივ და სამი წლის თავზე სრულად შემოიღეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. მაშინ რომ შემოვიდა 500 ათასი კაცი, ის არ იყო საფრთხის შემცველი? მოხდა რამე? ხუთი თვის წინ ზუსტად ასეთივე ხელოვნურ შიშებს ქმნიდნენ საზოგადოებაში, რომ იყო კატასტროფა. ხუთი თვე გავიდა და არაფერი. ხომ გამოჩნდა, რომ ეს ხელოვნური იყო. ახლა აქვთ მეორე ეტაპი. ამ შემთხვევაში, ეს ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიები საშიში იმიტომ არის, რომ მას აქვს კონკრეტული მიზანი. მიზანი არის საქართველოს ქცევა მეორე ფრონტად. ძალიან ბევრი წყაროდან გვაქვს ინფორმაცია, მათ შორის კაბინეტებში რა შეხვედრები იყო, ამაზე ღიად ვერ ვისაუბრებ.

არავითარი რისკი, არსებითი პრობლემა არ არსებობს, არის ჩვეულებრივი ტურისტული ნაკადი და სამჯერ მცირეა, ვიდრე იყო 2019 წელს, კოვიდამდე. შესაბამისად, ყველაფერი თითიდან გამოწოვილია. ახლა ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, ვის, რაში სჭირდება ამ პრობლემის თითიდან გამოწოვა, თუ არ უნდა ვიღაცას პრობლემის ხელოვნურად შექმნა. ბოლოს ისევ იგივე ამოცანამდე მივდივართ, რაც ამ ხალხს აქვს, რისთვისაც ითხოვდნენ, მაგალითად, მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში და ასე შემდეგ. მათ უნდათ ომი საქართველოში და ამას ემსახურება შოვინისტური და ქსენოფობიური კამპანიაც.

როდესაც ვიღაცას მიაჩნია, რომ 142 მილიონი ადამიანი მარტო ეთნიკური წარმომავლობის გამო არის ცუდი, ეს არის გოიმობა. რაც შეეხება განცხადებებს და კანონის დარღვევას, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მათ შორის, ვინც არ უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე, თუ კანონს დაარღვევს, დაუპირისპირდება კანონმდებლობის პრინციპებს, რა თქმა უნდა, რეაგირება იქნება. ეს არის ჩვეულებრივად სახელმწიფოს ვალდებულება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.