ირაკლი კობახიძე - როგორც 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების დროს, ჩვენ ახლაც ვამზადებთ სამოქმედო გეგმას ევროკომისიის ცხრა პრიორიტეტის შესასრულებლად
ირაკლი კობახიძე - როგორც 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების დროს, ჩვენ ახლაც ვამზადებთ სამოქმედო გეგმას ევროკომისიის ცხრა პრიორიტეტის შესასრულებლად

დღევანდელი ფორმატი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა, მაქსიმალური დიალოგი შედგეს ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის, არამედ ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომ მსგავს ფორმატებში წარიმართოს დისკუსია ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეეხება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ შეხვედრის მონაწილეებს ევროკომისიის მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილება მიულოცა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ სამ კვირაში საბჭო უკვე დაადასტურებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. მათ შორის, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხი შემცირდეს. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ ილუზიისგან, რომ საქართველოში ამით დასრულდება პოლარიზაცია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში პოლარიზაციის შემცირების თვალსაზრისით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში. საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები პერიოდია დარჩენილი და მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები მეტ-ნაკლებად მშვიდ გარემოში ჩატარდეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ განაცხადი ოცი თვის წინ შეიტანა და 2022 წლის 3 მარტიდან ხელისუფლებამ მასშტაბური სამუშაოები განახორციელა.

„ძალიან რთული 20 თვე გამოვიარეთ. თავიდან დაიწყო მუშაობა განაცხადის თანმხლებ დოკუმენტებზე, შემდეგ იყო ივნისის ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რასაც საზოგადოებაში და ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის მღელვარება მოჰყვა. ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმე იყო. ასევე მძიმე იყო ის, რომ გადაწყვეტილება ხელისუფლების შეცვლის მცდელობისთვის იქნა გამოყენებული და ყველას გვახსოვს ის პროცესები, რომლებიც ივნისში განვითარდა და რომელიც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მოჰყვა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ჩვენ ნეგატიურ კამპანიას ვხედავდით და მასთან გვიწევდა ბრძოლა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ახლა მთავარია, რომ ევროკომისიამ უკვე მიიღო დადებითი რეკომენდაცია და, შესაბამისად, წარსულის დავიწყების და წინ გახედვის დროა.

„ახლა მთავარი პრიორიტეტი იმ ცხრა პუნქტის შესრულებაა, რომელიც ევროკავშირის მხრიდან არის წარმოდგენილი. ისევე როგორც 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების დროს, ჩვენ ახლაც ვამზადებთ სამოქმედო გეგმას მათ შესასრულებლად. უკვე შედგა კომუნიკაცია მთავრობისა და ევროკომისიის წარმომადგენლებს შორის და მომავალი კვირის დასაწყისში ევროკომისიას შესაბამისი სამოქმედო გეგმა გადაეგზავნება“, – აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციაზე შეფასებები გააკეთა და მათი შესრულების საკითხზე ისაუბრა.

„დეზინფორმაციასთან ბრძოლა არის პირველი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, ზოგადად დეზინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა არა მარტო ევროკავშირთან მიმართებაში, არამედ, ვიცით, რომ სიტყვის თავისუფლების სფეროში საქართველოში ძალიან ლიბერალური კანონმდებლობა გვაქვს, რაც, ერთი მხრივ, ძალიან კარგია, თუმცა, მეორე მხრივ, სხვადასხვა მიმართულებით ის ფართო გზას უხსნის დეზინფორმაციის გავრცელებას. ლიბერალური კანონმდებლობიდან გამომდინარე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ჩვენი რესურსი დიდწილად შეზღუდულია, თუმცა კანონმდებლობის ფარგლებში ყველაფერი გაკეთდება, რათა ვებრძოლოთ კონკრეტულად იმ დეზინფორმაციას, რომელიც ევროკავშირის და მისი ღირებულებების წინააღმდეგ არის მიმართული; მეორე პრიორიტეტია ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრა. აქ ჩვენ გარკვეული სპეციფიკური გამოწვევები გვაქვს, რაც დაკავშირებულია არაღიარების პოლიტიკასთან და კონკრეტულ თემებზე კონკრეტული არგუმენტები არსებობს. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ხელისუფლება მაქსიმალურად იზრუნებს, რათა თანხვედრის პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდოს.

ბოლო კვირების განმავლობაში მთელი რიგი გადაწყვეტილებებია მიღებული და კვლავაც გაგრძელდება კონსულტაციები და მუშაობა, რომ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ თანხვედრის მაღალ მაჩვენებლებს; რაც შეეხება პოლიტიკურ პოლარიზაციას – რეკომენდაცია ძირითადად ოპოზიციურ პარტიებთან მჭიდრო თანამშრომლობას უკავშირდება. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური გაკეთდება და პროცესების ღიად წარმართვაზე საჯარო განცხადებებიც გავაკეთეთ. ჩვენ გარკვეული ნეგატიური გამოცდილება გვაქვს – მაშინ, როდესაც 12-პუნქტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სამუშაო ჯგუფები შეიქმნა, ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ სამუშაო ჯგუფებში ჩართულობაზე უარი თქვა. იმედი გვაქვს, რომ 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით იგივე არ განმეორდება;

რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, საარჩევნო პროცესი პრიორიტეტების მიღმაც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება ჩვენს ინტერესს წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებს საერთაშორისო მისიები, ეუთო/ოდირის მისიები დააკვირდნენ და წინასაარჩევნო პერიოდში რაც უფრო მეტი დამკვირვებელი იქნება საქართველოში, მით უკეთესია იმისათვის, რომ ეს პროცესები გამჭვირვალედ წარიმართოს.

რეკომენდაციაში საარჩევნო რეფორმების დასრულებაზეც არის საუბარი და ჩვენ კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივებს მოვამზადებთ და სამოქმედო გეგმაშიც ავსახავთ. საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესების კუთხით, კანონმდებლობა მნიშვნელოვნად დაიხვეწა. ახალი კონსტიტუცია საპარლამენტო სუბიექტებს ფართო შესაძლებლობას ანიჭებს, რომ განახორციელონ საპარლამენტო ზედამხედველობა, მათ შორის, უსაფრთხოების სტრუქტურებზეც. ახლა მთავარია, რომ ბოლომდე პრაქტიკაში აისახოს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, როცა პრაქტიკაზეა საუბარი, ძირითადი აქცენტი ოპოზიციაზე უნდა გაკეთდეს, რადგან საპარლამენტო ზედამხედველობა, პირველ რიგში, ოპოზიციის ბერკეტია და მათ შეუძლიათ, ეფექტურად გამოიყენონ ის ინსტრუმენტები, რომლებიც დღეს კონსტიტუციით და კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ჩვენ მზად ვართ აღნიშნულ საკითხებზე ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სასამართლო რეფორმის დასრულების მიზნით გაცემულ რეკომენდაციაზე საუბრისას უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ სამუშაო პროცესი გაგრძელდება, თუმცა აუცილებელია, დაზუსტდეს, რა იგულისხმება იუსტიციის საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმაში.

„რაც შეეხება ანტიკორუფციულ ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობას, ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და დასკვნას, რომელიც 15 დეკემბერს გამოიგზავნება და როგორც კი გვექნება დასკვნა, შეგვეძლება, განვაახლოთ მუშაობა ამ თემებთან დაკავშირებით. ასევე, მნიშვნელოვანია ინსტიტუციების საქმიანობის მონიტორინგი და ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობაც;

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის საბოლოო დოკუმენტი მზადება და გეგმის დამტკიცებამდე სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციები გაიმართება. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას ან, ზოგადად, რაიმე დოკუმენტს, თუნდაც იმ კანონს, რომელიც შემუშავებული გვაქვს პერსონალიზებული მიდგომის საფუძველზე, შეუძლია ქვეყანაში ოლიგარქიზაციის პრობლემის გადაჭრა. საქართველოში არიან ოლიგარქები, რომლებიც ჩართულები არიან პროცესებში და არა მგონია, სამოქმედო გეგმამ რაიმე ცვლილება შეიტანოს ამ მოცემულობაში;

ბოლო, მეცხრე პრიორიტეტი ადამიანის უფლების დაცვას უკავშირდება. სტრატეგია უკვე დამტკიცებულია, მზადდება სამოქმედო გეგმა და მთავრობის მხრიდან უახლოეს პერიოდში განახლდება სამუშაო პროცესი. ასევე, საუბარია გამოძიებებზე, 5 ივლისის დანაშაულის ორგანიზატორების დასჯაზე, რაც, არსებითად, სამართლებრივი საკითხია და ჩვენ გაგვიჭირდება, ვიყოთ აქ მხარედ წარმოდგენილი. მხარე უნდა იყოს შესაბამისი საგამოძიებო სამსახური – შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა და მათთან უნდა შედგეს დისკუსია, რამდენად ექვემდებარებოდნენ კონკრეტული პირები დასჯას, როგორც ორგანიზატორები.

რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებს, დღევანდელი ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, ამ ფორმატში ინტენსიურად გაგრძელდება მუშაობა და ყველა ის საკითხი განიხილება, რომლებიც 9 პრიორიტეტის შესრულებას და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას შეეხება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.