ირაკლი კობახიძე - როგორ შეძლება, მოსმენის დროს ხუთი წუთი დაუთმო იუსტიციის მინისტრს და შემდეგ მისი გადადგომა მოითხოვო
ირაკლი კობახიძე - როგორ შეძლება, მოსმენის დროს ხუთი წუთი დაუთმო იუსტიციის მინისტრს და შემდეგ მისი გადადგომა მოითხოვო

როგორ შეძლება, მოსმენის დროს ხუთი წუთი დაუთმო იუსტიციის მინისტრს და შემდეგ მისი გადადგომა მოითხოვო, ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, იგივე ეხება შინაგან საქმეთა მინისტრთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე საუბრისას ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიების პროცესში იდენტიფიცირებულია ხარვეზები, თუმცა ეს ხარვეზები მინისტრების გადადგომის საფუძველს არ იძლევა.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ კომისიის შექმნა იყო თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი. გვქონდა მოლოდინი, რომ პრივილეგიას, რომელიც უმცირესობას მივანიჭეთ -მივეცით უმრავლესობა საგამოძიებო კომისიაში – გამოიყენებდნენ სათანადოდ. მით უმეტეს, ეს არის ძალიან მტკივნეული საქმე, საქმე ეხება ბავშვების მკვლელობას და ის მთლიანად დაცლილი უნდა ყოფილიყო პოლიტიკური კონტექსტისგან და უმთავრესი ამოცანა ჭეშმარიტების დადგენა უნდა გამხდარიყო. სამწუხაროდ, საბოლოო დასკვნაში, რომელიც შეიმუშავა კომისიამ, ანუ საპარლამენტო უმცირესობამ, რომელიც უმრავლესობით იყო წარმოდგენილი კომისიაში, ვხედავთ პირდაპირ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ფონს. აშკარად ჩანს, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ასე ვთქვათ, პოლიტიკური ნიშანი დაასვა იმ დასკვნას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საგამოძიებო კომისიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შეიმუშავეს ალტერნატიული დასკვნა, სადაც საუბარი არ არის ვინმეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, არამედ საუბარია გამოძიების პროცესში აღმოჩენილ ხარვეზებზე.

„ასევე დადგენილია ხარვეზები, რა შეიძლება გაკეთებულიყო და რა არ გაკეთდა ამ პროცესში, თუმცა არანაირად ეს არ მიუთითებს იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რომელზეც არის საუბარი „ევროპული საქართველოს“ დასკვნაში. იქ საუბარია, მაგალითად, იუსტიციის მინისტრის გადადგომაზე. მაშინ, როდესაც იუსტიციის მინისტრი გამოცხადდა კომისიის სხდომაზე, ერთი კითხვის მეტი ვერ დაუსვეს მას კომისიის წარმომადგენლებმა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გამოძიების პროცესში არსებულ ხარვეზებზე ის თავიდანვე ესაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავარ პროკურორს, კერძოდ, რატომ არ განხორციელდა ჩხრეკა გარკვეული პირების მიმართ.

„დავინტერესდი დავუშვათ, რატომ არ განხორციელდა დაკითხვა, ჩხრეკა და ა.შ. იმ პირთა მიმართ, რომელთა მიმართაც ეს პროცედურები არ განხორციელდა. პასუხი იყო ასეთი, რომ იყვნენ პირები ამ გამოძიებაში, რომლებიც თანამშრომლობდნენ და რომლებიც არ თანამშრომლობდნენ. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ თუ პირი თანამშრომლობს გამოძიებასთან, მის მიმართ ნაკლები საგამოძიებო მოქმედებები ტარდება და თუ არ თანამშრომლობს, ტარდება მეტი საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ვერ გამოავლინა, რომ საგამოძიებო პროცესში რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირი ჩაერია.

„არანაირი გარემოებით არ დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ ჩარევას. ეს ვერ დაადგინა კომისიამ, რადგან ასეთი ფაქტი არ არსებობდა – არც პოლიტიკური ჩარევა და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან ზოგადად არანაირი ჩარევა არ დგინდება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის სამთვიანი მუშაობა ისევე დასრულდა, როგორც თავის დროზე გამოძიებამ დაასრულა მუშაობა.

„როდესაც გამოძიებას ბრალს უყენებდნენ, რომ საქმე ვერ გაიხსნა, ახლა თვითონ ჰქონდათ სამი თვე, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჭეშმარიტების დადგენისთვის მათაც არ აღმოაჩნდათ საკმარისი საფუძველი.

ამ საქმის ყველა მოწმე ახლაც ცოცხალია, რატომ ვერ მოახერხა საგამოძიებო კომისიამ, რომ მათგან მეტი ინფორმაცია მიეღო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, გამოძიების ობიექტური პრობლემა ის იყო, რომ კონკრეტული პირები არ თანამშრომლობდნენ შესაბამის უწყებებთან.

„ობიექტური პრობლემა არსებობდა და ამაზე გვქონდა საუბარი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პროკურატურასთან. კონკრეტული პირები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ. ის დრო წავიდა საქართველოში, როდესაც თქვენ იცით, რა მეთოდებითაც ხდებოდა ჩვენებების მიღება. რა თქმა უნდა, მინუსები აქვს ამას, მაგრამ ჩვენი მთავარი მიღწევა ის არის, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული. რა თქმა უნდა, მინუსები აქვს, რომ ჩვენ უხეშ მეთოდებს ვერ ვიყენებთ ჩვენების მისაღებად. სამწუხაროდ, ამ რეალობაში, ობიექტურ გარემოებათა გამო, ვერ მოხერხდა საქმის სათანადოდ გახსნა. ეს არის სამწუხარო რეალობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ იმუშავა ნაყოფიერად და მთავარია ეს პროცესი ასახული იყოს დასკვნაში.

„ჩვენ ვიზიარებთ ძალიან ბევრ რამეს, რაც წერია „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნაში. ტექსტი რომ ავიღოთ, ალბათ, იქიდან ოთხმოც პროცენტს ვიზიარებთ. აქ საუბარია საბოლოო პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, დასკვნებზე, რომელიც არის ასახული მათ ვარიანტში. საბოლოო ჯამში, კომისიამ იმუშავა, იყო ნაყოფიერი სამუშაო პროცესი, ეს აუცილებლად უნდა ითქვას, თუმცა მთავარია, რომ ეს პროცესი სწორად იყოს ასახული დასკვნაში, ამ ნაწილში ჩვენი აზრები იყოფა“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.