ირაკლი კობახიძე - როდესაც ვერაფერზე ესაუბრებიან ამომრჩევლებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ესკალაციის საშუალებით მოახდინოს მათი მობილიზება
ირაკლი კობახიძე - როდესაც ვერაფერზე ესაუბრებიან ამომრჩევლებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ესკალაციის საშუალებით მოახდინოს მათი მობილიზება

როდესაც ვერაფერზე ესაუბრებიან ამომრჩევლებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ესკალაციის საშუალებით მოახდინოს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს წინასაარჩევნო გარემოს და ზუგდიდში არსებულ ვითარებას, ასევე უზრუნველყოფს თუ არა ხელისუფლება არჩევნების მშვიდ გარემოსი ჩატარებას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ზუგდიდში ახლა ემოციები ჭარბობს.

„თუ ვინმეს ინტერესშია, მშვიდი, მშვიდობიანი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ შეინარჩუნონ თავად სიმშვიდე და არ უზრუნველყონ ვითარების ხელოვნურად ესკალაცია. ეს არ შედის სამართლიანი არჩევნების ინტერესებში, მშვიდი, მშვიდობიანი არჩევნების ინტერესებში. ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს სწორედ ასეთი არჩევნების ჩატარება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ოპოზიციის მტკიცებით, გია დანელია ძალადობაზე საუბრობს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ვიდეოები წინასაარჩევნო ტრადიციად იქცა.

„ეს ფარული ჩანაწერები იქცა ჩვენი არჩევნების ლამაზ ტრადიციად. რა თქმა უნდა, ბრჭყალებში ლამაზ ტრადიციად. ყოველი არჩევნების წინ ვხედავთ, რომ ქვეყნდება გარკვეული ჩანაწერები. რა თქმა უნდა, საჭიროა ჩაძიება და ამ შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებსაც უნდა მოვუწოდო, რომ ჩაეძიონ ამ ინფორმაციას, ნახონ, რამდენად ავთენტურია ეს ინფორმაცია, რამდენად არის საუბარი იქ ისეთ ფაქტეზე, რომელსაც სინამდვილეში შეიძლება, ჰქონოდა ადგილი. აქედან გამომდინარე, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გასცენ ყველაფერს პასუხი. თუმცა, ეს „ლამაზი ტრადიცია“ ალბათ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, რას ელოდება მმართველი გუნდი არჩევნების დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ესკალაციის საშუალებით ცდილობს ამომრჩევლის მობილიზებას.

„რაც ხდება ხოლმე არჩევნების წინ, სამწუხაროდ, ის სურათი გვაქვს დღეს და სამწუხაროდ, მსგავსი სურათი იქნება ალბათ არჩევნების დღესაც. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ესკალაციის საშუალებით რაღაცნაირად მოახდინოს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება. ვფიქრობ, ეს არ არის ამომრჩევლის მობილიზების სწორი მეთოდი, ამომრჩევლის მობილიზება სწორი არის პროგრამაზე საუბრით. იმ პირობებში, როდესაც ვერაფერზე ვერ ესაუბრებიან საკუთარ ამომრჩევლებს, ვერც წარსულზე და ვერც მომავალზე, ერთადერთი შანსი აქვთ პროცესების ესკალაცია​. ესეც არ გამოუვათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.