ირაკლი კობახიძე - რესურსი მოლაპარაკებების იკვეთება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებთან შეთანხმებას მივაღწიოთ
ირაკლი კობახიძე - რესურსი მოლაპარაკებების იკვეთება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებთან შეთანხმებას მივაღწიოთ

რესურსი მოლაპარაკებების იკვეთება, რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას აქვს მოლაპარაკებისა და შეთანხმების ინტერესი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებთან მივაღწიოთ შეთანხმებას, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უმრავლესობა კონსულტაციებისთვის და შეხვედრებისთვის მზად არის.

„განიხილება რამდენიმე საკითხი. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ჩვენ ვთქვით პირდაპირ, რომ გადავამოწმოთ შედეგები და თუ აღმოჩნდება თუნდაც ერთ პროცენტიანი ცდომილება „ქართულო ოცნების“ სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, რომ რიგგარეშე არჩევნები დავნიშნოთ. თუმცა რადიკალური ოპოზიციისგან თქვენ ხედავთ, რომ არ არის მაინდამაინც დიდი ენთუზიაზმი ამ შეთავაზების მიმართ, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რომ რეალურად არაფერი გაყალბებულა ამ არჩევნებში. ბუნებრივია, შესაბამისი შედეგი დაანგრევს მათ პოლიტიკურად.

რაც შეეხება სხვა თემებს, ესაა საარჩევნო სისტემის და არჩევნების ადმინისტრაციული საკითხი. აქ იყო ძალიან დიდი პროგრესი მიღწეული და ბუნებრივია, რომ განვაგრძობთ მსჯელობას. რესურსი მოლაპარაკებების იკვეთება. რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას აქვს მოლაპარაკების ინტერესი და შეთანხმების ინტერესი. აქედან გამომდინარე, ამის პოტენციალი არსებობს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებთან მივაღწიოთ შეთანხმებას. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანა. ესეთი ძალებია, ვინც ემიჯნება ელჩების ლანძღვას, ვინც ემიჯნება ახალ საგარეო ვექტორს, რომელიც აქვს აღებული რადიკალურ ოპოზიციას, ვინც ემიჯნება უმძიმეს რიტორიკას და ბულინგს“,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მანდატების დატოვებას, როგორც კობახიძე ამბობს, ჯერ კიდევ არის დრო კონსულტაციებისთვის.

„სადღაც ათი დღე აქვს პარლამენტს, რომ განიხილოს მანდატების საკითხი. მინიმუმ ერთი კვირა უნდა გავიდეს განცხადებების შემოტანიდან. ამის შემდეგ საპროცედურო კომიტეტი განიხილავს. შემდეგ პარლამენტის პირველივე პლენარულ სხდომაზე უნდა დაისვას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. სადღაც ათი დღიდან, ორ კვირამდე გაიმართება კენჭისყრა. იქამდე კონსულტაციები გაგრძელდება. თუ მივაღწევთ შეთანხმებას, ეს იქნება კარგი, თუ ვერ მივაღწევთ, ამ შემთხვევაში ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც შემოიტანა განცხადებები, ჩვეულებრივად შეუწყდებათ უფლებამოსილება. რა თქმა უნდა, პარლამენტი ჩვეულებრივად განაგრძობს მუშაობას რადგან მყარი უმრავლესობა არის წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში“,- განაცხადა კობახიძემ.