ირაკლი კობახიძე - რეიკიავიკის ვიზიტი არის უმაღლეს დონეზე გამართული ფორუმი, ასევე იმართება შეხვედრები, სადაც გაჟღერდება გზავნილები, რაც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს
ირაკლი კობახიძე - რეიკიავიკის ვიზიტი არის უმაღლეს დონეზე გამართული ფორუმი, ასევე იმართება შეხვედრები, სადაც გაჟღერდება გზავნილები, რაც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტის ფარგლებში გამართული გენერალური დებატების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა: „რეიკიავიკის ვიზიტი არის უმაღლეს დონეზე გამართული ფორუმი და ასევე უმაღლეს დონეზე იმართება შეხვედრები, სადაც კიდევ ერთხელ გაჟღერდება ჩვენი გზავნილები, რაც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და მათ შორის, რეგიონში არსებულ ვითარებას“.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს სოლიდარობაზე უკრაინელი ხალხის მიმართ, რაც გამოხატულია არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით.

„უკრაინის მიმართ დამოკიდებულებას რაც შეეხება, ამაზე ჩვენი პოზიცია, ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან ნათელი. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, სოლიდარობას და ეს სოლიდარობა გამოხატულია არა მარტო გზავნილებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით, როგორიც არის შესაბამისი დოკუმენტების მხარდაჭერა ყველა საერთაშორისო ფორუმზე, როგორიც არის ჰუმანიტარული მხარდაჭერა და ა.შ. ეს არა მარტო სიტყვებია, არამედ ეს არის კონკრეტული ქმედებები, რაშიც არის გამოხატული ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.