ირაკლი კობახიძე - რაში სჭირდებათ შაშკინს ან ოქრიაშვილს საარჩევნო უბნებზე იარაღი, ჩნდება ლოგიკური ეჭვები, რომ მათ დესტრუქციული ზრახვები აქვთ
ირაკლი კობახიძე - რაში სჭირდებათ შაშკინს ან ოქრიაშვილს საარჩევნო უბნებზე იარაღი, ჩნდება ლოგიკური ეჭვები, რომ მათ დესტრუქციული ზრახვები აქვთ

იარაღის ტარების უფლება აქვს ნებისმიერ დეპუტატს, ყოფილ სამართალდამცველს და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საარჩევნო პროცესს, ბუნებრივია, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებგებლობა და იქ დაუშვებელია, ვინმე იარაღით დადიოდეს,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩნდება ლოგიკური ეჭვები დესტრუქციულ განზრახვასთან დაკავშირებით. კობახიძე ამბობს, რომ დესტრუქციის ნებისმიერ მცდელობას კანონის საფუძველზე მკაცრი პასუხი გაეცემა.

„რაში სჭირდება დიმიტრი შაშკინს ან კახა ოქრიაშვილს იარაღი, როდესაც დადიან საარჩევნო უბნებზე, არაფერში. ბუნებრივია, აქ ძალიან ლოგიკური ეჭვები ჩნდება, რომ მათ აქვთ რაღაც დესტრუქციული ზრახვები და იარაღის დემონსტრირებაც ამ დესტრუქციული სცენარის შემადგენელი ნაწილია. მაგრამ, გვინდა, მათ კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ ვუთხრათ, რომ ნებისმიერი დესტრუქციის მცდელობა კანონის საფუძველზე ძალიან მკაცრად იქნება პასუხგაცემული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში იარაღით გადაადგილების ფაქტი დაადასტურა თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი შაშკინმა. თუმცა, შაშკინმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის საარჩევნო უბანზე გადაადგილდებოდა. ამასთან, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ იარაღით გადაადგილდება.